Uncategorized

„კაენი“ – ნოველა ბავშვობაზე და იმაზე, რამდენად შეუძლია სახელს ადამიანის ბედის განსაზღვრა

საქართველოს და სომხეთს საუკუნოვანი ლიტერატურული ურთიერთობები აკავშირებდა. ცნობილია ოვანეს თუმანიანის ნაწარმოებების იოსებ გრიშაშვილისეული შესანიშნავი თარგმანები. აღნიშნული ლიტერატურული ურთიერთობები დღესაც გრძელდება და აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს საქართველოში დაბადებული მწერლის, ანუშ სარგისიანის წინამდებარე თარგმანი ქართულ ენაზე. ავტორი საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს და მისი ნაწარმოებები ხშირად ქვეყნდება სომხურენოვან პერიოდიკაში. ანუშ სარგისიანის ნოველა ბავშვობაზე და იმაზე, რამდენად შეუძლია სახელს ადამიანის ბედის განსაზღვრა.

წითელი ფერის „ჟიგულის“ მარკის ტაქსი, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ხმაურისგან მოშორებით გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ჩრდილი მოძებნა და სიგარეტს მოუკიდა. იგი სოლიდური ასაკის მამაკაცი გახლდათ, ოდნავ ჭარბი წონით და ღიპით. ტყავის ქურთუკი ეცვა. „პონჩიკს“ ჰგავდა, რომლის მობრაწული კიდეები გამომშრალიყო, ხოლო შინაგანად იყო რბილი და მსუბუქი, როგორც ბამბა. მძღოლი სიამოვნებით ეწეოდა, ცხვირიდან და პირიდან კვამლის რგოლებს უშვებდა. როგორც იქნა მოწია, ნამწვავი ურნაში ჩააგდო და ჩემს მხარეს გამოემართა.
„გამართლებაც ასეთი უნდა!“ – გამეღიმა. გამახსენდა ჩემი ქალიშვილის შეგონება: „წინა საუკუნის“ ტაქსის მძღოლებისაგან თავი შორს დაიჭირეო. თავი ჩემზე ჭკვიანად და ბრძენად მიაჩნდა, დედას ასეთ რჩევას რომ აძლევდა. თანაც, მასწავლიდა, როგორ მეპასუხა მოხუცი მძღოლებისათვის. დიდხანს ვიცინოდით მის შეგონებებზე, ის კი ამაყი იყო, რომ დედის დარწმუნება შეძლო.
„ძალიან შორს წახვალ!“ – გამამხნევა და ნიავში აწეწილი თმა შემისწორა. მერე კი მარცხენა ხელის მაჯაზე წითელი ფერის ძაფი შემაბა.
„ასეთ ძაფებს ხელებზე ჰოლივუდის ვარსკვლავებიც იბამენ. ამბობენ რომ ეს ძაფები წარმატებას იზიდავენ. ის ერთგვარი დამცავი თილისმაც არის. ასე რომ, ძვირფასო ანუშკა, არ დიკარგები, – მითხრა ქალიშვილმა.
– ბოდიშს გიხდით, მესმის, ჩემი მანქანა ძველია, მაგრამ ცოტა ხნის წინ შევაკეთე. მერწმუნეთ, კარგი მძღოლი ვარ. – არ იდარდოთ, დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიგიყვანთ, – მარწმუნებდა მძღოლი და მართვის მოწმობას, ტექმომსახურეობის ბარათს, და კიდევ რაღაც ფურცლებს მაჩვენებდა.
წავიკითხე მძოლის სახელი და… მაშინვე გავიხსენე… კარენი… ოდესღაც ჩემი მეწყვილე იყო პიონერთა სახლში. ერთად ვცეკვავდით… როგორ შეცვლილა, ღმერთო ჩემო!
– როდის გავდივართ? – დავინტერესდი.
– ცოტა კიდევ დავიცადოთ, თუ არავინ მოვა, ტყუილად არ გალოდინებთ.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ჩემი ქალიშვილი იყო.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლა რომელიღაც ძველ, საცოდავ მანქანაში ზიხარ და შენი მობილურის პარამეტრებით ხარ დაკავებული, – მიწინასწარმეტყველა.
– გამოიცანი. მძღოლი ჩემი ბავშვობის მეგობარიაო, უნდა მეთქვა, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და მომესმა:
– მეტი არავინ არის, წავედით.
„ორ საათში ბებიასთან ვიქნები. გავდივართ“, – დავამშვიდე ქალიშვილი, ტელეფონი გამოვრთე და მანქანის სარკე ყურადღებით შევათვალიერე. მკაცრიგამომეტყველება მივიღე და სალონის სიჩუმე რაღაცნაირად, მეამა კიდეც. კომფორტულად მოკალათებულმა, ქალიშვილს სატელეფონო შეტყობინება გავუგზავნე: „შენ წარმოიდგინე, მართლაც ძველი, საცოდავი, საბჭოთა მარკის მანქანით ვმგზავრობ“.
პასუხმაც არ დააყოვნა:
„ეჭვიც არ მეპარებოდა“.
„ოღონდ მარტო ვარ, სხვა მგზავრები არ არიან“.
ტელეფონის ეკრანზე მომღიმარი „სმაილიკი“ და შეტყობინება გამოჩნდა:
„გაგაუპატიურებენ და სადმე, ხევში დაგაგდებენ“.
„სულელო“.
მანქანა მოულოდნელად ახტა და ძლივს ავკრიფე ასოები, ვცდილობდი მაშინვე მეპასუხა.
„ეს მოგზაურობა რომ არ ყოფილიყო, რაზე დაწერდი ამჯერად, დედიკო? საინტერესოა, რით გამდიდრდებოდა ჩვენი ლიტერატურა?“ – მორიგი წინასწარმეტყველური შეტყობინება მივიღე.
მძღოლი მანქანას თავდაჯერებულად და მშვიდად მართავდა. მისი თვითდაჯერებულობა თითქოს ბორბლებსაც გადაეცემოდა. ან იქნებ იმიტომ რომ გზა იყო სწორი… მე და ჩემი შვილი დიდხანს ვწერდით ერთმანეთს. შემომავალი შეტყობინებების ხმა ამ სიჩუმეში ბუზის ზუზუნივით ისმოდა.
– ალბათ, ოჯახის წევრებს ატყობინებთ რომელ მანქანაში ხართ და რა სანომრე ნიშნები აქვს – ღიმილით თქვა მძღოლმა, თან სარკეს თვალს არ აცილებდა.
– დიახ, არ ცდებით, – მშვიდად გავუღიმე.
სარკეში სრულიად სხვა პიროვნება ჩანდა. რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს შუახნის მამაკაცი, ჩამოღვენთილი სახის ნაკვთებით, ოდესღაც ის ბიჭი იყო. ჩემმა მზერა მისმა მარჯვენა ხელმა მიიპყრო, რომლითაც იგი საჭეს მართავდა. აშკარად აჩნდა შრამი, ცერა თითიდან ნეკამდე. ეს შრამი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ჩვენი ცეკვის ჯგუფი ის-ის იყო, ფეხს იდგამდა. ერთ-ერთ სახლში, სადაც ადგილობრივების თხოვნით მინი პიონერთა სახლი გახსნეს, რეპეტიცია გვქონდა ხოლმე. საახალწლო ზეიმზე, ყველა ლამაზად ჩაცმული ვიყავით; მბზინავი ლენტებით შევამკეთ ერთმანეთი, მღელვარებით, მოუთმენლად ველოდით, როდის ჩააქრობდნენ შუქს რომ სანთლების ფონზე ფოიერვერკი გვენახა. როდესაც შუქი ჩააქრეს, კარენის დედამ უეცრად ხმამაღლა და შიშისმომგვრელი ხმით იყვირა. მისი უფროსი ვაჟი სწორედ იმ დროს დაეცა და თავი კედლის გასწვრივ გაყოლებულ რკინის ძელს დაარტყა. ხელიდან კი სისხლი წასკდა. კარენის უმცროსი ძმა გულამოსკვნით ტიროდა, ხოლო სხვა დედებმა უცებ იპოვნეს თოვლის ბაბუა და კარენს მოუყვანეს, რომელმაც ხურჯინიდან კანფეტები მხოლოდ მას ჩაუყარა ხელებში.
კარენი უხმოდ და და გმირულად იტანდა ტკივილს. მედდამ ჭრილობაზე უზარმაზარი, დიდი თეთრი კომბოსტოს ფურცლის ზომის ნახვევი დაადო, ხოლო უმცროსი ძმა დააჯერეს, რომ თოვლის ბაბუამ კომბოსტოს ფურცლის ქვეშ კარენისთვის კანფეტები დამალა.
სატყუარა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ბავშვების უმრავლესობა ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ მე ჩუმად, გაკვირვებული და შეშინებული ვაკვირდებოდი მომხდარს. კარენი ჩემი მეწყვილე იყო და ვხვდებოდი, რომ ახლა მისი ხელს მყარად ვეღარ დავეყრდნობოდი.
როდესაც ცეკვის დროს, შემთხვევით ვუჭერდი მის ხელს, კარენი დამნაშავესავით მიყურებდა და ხუმრობით მაფრთხილებდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, თორემ მისი ნახვევიდან კანფეტები პირდაპირ ძირს დაიყრებოდა. მე კი, ამის წარმოდგენაც კი მეშინოდა, თითქოს შოკოლადის კანფეტები უკვე იატაკზე ეყარა.
(*) – კაენ, – მიმართა ბავშვმა უფროს ძმას. ცრემლებშეუმშრალი თვალებით, მადლიერებით შესცქეროდა, აღფრთოვანებით ხსნიდა ბრჭყვიალა კანფეტებს და ორივე ლოყაში იგროვებდა.
მოსწონდა თუ არ მოსწონდა, კარენი იმ დღიდან ჩვენთვის, ყველასთვის, კაინი გახდა. საიდან უნდა გვცოდნოდა იმ დროს, რა საზარელი ისტორია იყო დაკავშირებული ამ სახელთან საღვთო წერილში, და როგორ შეიძლებოდა ეს მის ბედზე ასახულიყო?
ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვცეკვავდით ერთად და ერთმანეთის თვალწინ ვიზრდებოდით, უნებლიედ გავხდით ერთმანეთის ახალგაზრდა გოგოდ და ბიჭად ჩამოყალიბების მოწმე. სცენაზე კი ჩვენი ღრმა გრძნობების და სინაზის გამოხატვის ადგილად გვექცა.
ალბათ ეს არის ყველაზე ნამდვილი და მთავარი ჩვენი მეხსიერებისათვის. თუმცა წლები ერთმანეთს გვაშორებს და ერთმანეთისთვის უცხოებად გვაქცევს. ყველა ჩვენი გზით მივდივართ და თავისებურად გვეწყობა ბედი. ბავშვობის წლები და ყოველივე, რაც გვაკავშირებდა, სადღაც უკან ინაცვლებს.
– კაენი მზად არის შენს გამო სიცოცხლე დათმოს, მოითმინე, უკვე ახლოს ვარ, – მომესმა კარენის ყრუ, შეშფოთებული ხმა.
– ჩემი ძმის შვილიშვილია, წუთებს ითვლის როდის მივალ სამსახურიდან სახლში, – ღიმილით მოიბოდიშასავით მძღოლმა და სარკეს ისევ თვალს არ აცილებდა.
არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავიღიმე. და კიდევ, სარკის მადლიერი ვიყავი, რადგან იგი არ ირეკლავდა ჩემს მღელვარებას. ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვობის ექო ჩამესმის, – ვღელავ. ყელში ბურთი მეჩხირება და სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევს.
„კარენი კარგად მართავს მანქანას“,- შევაფასე და ვგრძნობდი, რომ ჩემი მღელვარება ნელნელა ქრებოდა.
– ოჯახი არ მყავს, ჩემი ოჯახი – ჩემი ძმის ოჯახია, განაგრძო კარენმა. ჩემი ძმა 94 წელს ომში დაიღუპა. მისი ერთი წლის ვაჟი მე გაზვზარდე. ძმის ცოლი რამდენიმე წლის წინ, სიმსივნით დაიღუპა. იმ დროს რუსეთში ვცხოვრობდი, თუმცა ყველა საქმე მივატოვე და ჩამოვედი, რომ ბავშვი გამეზარდა და ფეხზე დამეყენებინა… ჩემი ძმა ნატრობდა და უნდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა. ახლა მე აღმოვჩნდი იძულებული, მის ვაჟს ვთხოვო, რომ მან მაინც აახდინოს მამის ოცნება…
წითელი „ჟიგულის“ მდუმარე მძღოლი უცებ უჩვეულოდ ენაწყლიანი გახდა. მან არ იცოდა, რომ მე იგი ვიცანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საიბრობდა, როგორც ძველ ნაცნობთან. მისმა გულახდილობამ სიმპათიით განმაწყო და ყურადღებით ვისმენდი მის ერთგვარ აღსარებას ისე, რომ თავი ზედმეტად პომპეზურ მანდილოსნად არ მომეჩვენებინა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გუშინ დავშორდით და ჩვენი შეხვედრა – მუსაიფი ხშირი გახლდათ.
უღელტეხილის ზემოთ, წითელი ხალიჩასავით გადაფენილი ყაყაჩოს ველი მოჩანდა. კარენმა მთხოვა, უახლოეს წყაროსთან ორი წუთით გავჩერდეთო.
– მწეველი ვარ, დაიკო, თქვენის ნებართვით, – დამნაშავესავით თქვა მან და პიჯაკის გულის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
ვდუმდი. მხოლოდ გავიღიმე. მოულოდნელად მომეჩვენა, რომ კარენის თვალში სიცოხლე გაჩერდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა. როდესაც იგი მანქანიდან გადავიდა შევნიშნე რომ… კოჭლობდა. ყოველი ნაბიჯი ტკივილს აყენებდა. თუმცა, ცდილობდა, არ შეემჩნია.
მერე ფანჯრიდან დავინახე როგორ შევიდა ყაყაჩოების ზღვაში კარენი და ულამაზესი, დიდი თაიგულით დაბრუნდა. ეს უმშვენიერესი სანახაობა იყო.
„საჩუქრად რძლისთვის“, – გავიფიქრე.
მდუმარედ განვაგრძეთ გზა.
გვერდით ასხლეტილი მანქანები ველზე დაკარგულ ფერად პეპლებად მეჩვენებოდა, რომლებიც გზაზე ჩნდებოდნენ და ქარზე სწრაფად, წამებში უჩინარდებოდნენ.
ჩემი ქალიშვილის სატელეფონო შეტყობინებები ხშირად არღვევდა სიჩუმეს. ჩემი მზერა მარცხენა ხელის მაჯაზე შებმულ წითელ ძაფზე ჩერდებოდა ხოლმე და ძლივს ვიკავებდი ღიმილს. თავს თავდაჯერებულად და დაცულად ვგრძნობდი.
კარენს კვლავ დაურეკეს.
თვალები აენთო და გაუბრწყინდა, თითქოს, მანქანა ჩირაღდნებით განათდა.
– ჩემი ძმის საპატივცემულოდ დაარქვეს არსენი, – ამიხსნა სარკიდან.
საიდან იცოდა, რომ ამის შესახებ ვიცოდი? და ის, რომ მახსოვდა დედამისი, დეიდა ლაურა და მისი ძმა, არსენი. თვალწინ დამიდგა ის უღიმღამო საახალწლო ზეიმი და ბავშვი, რომელიც კანფეტებს ხსნიდა და ორივე ლოყაში იგროვებდა.
ჰაერი დამძიმდა. კარგია, რომ კარენმა საუბარი განაგრძო.
– მოსკოვშიკი წავედი, მაგრამ რისი მიღწევა უნდა შემძლებოდა კოჭლი ფეხით დიდ ქალაქში? ტაქსაობა დავიწყე. თუმცა ტერიტორიას, რომელზეც ჩემი ძირითადი მარშრუტი გადიოდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, რომელიღაც კრიმინალი აკონტროლებდა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და „გადასახადებს“ არ ვუხდიდი. ამის გამო სადარბაზოში თავს დამესხნენ, ცივი იარაღით დამჭრეს და ერთი თირკმელი დავკარგე.
საქარე მინაზე, აქა-იქ წვიმის წვეთები გამოჩნდა.
ჩემი ბავშვობის ქალაქში ჩავედით. შორს, მიწისძვრის შემდეგ ნაშენები, ნაცნობი კვარტალის ფერმკრთალი სახლები მოჩანდა, რომლებიც წვიმის ფონზე მუქდებოდნენ. უეცრად მივხვდი, რომ აღარ მინდოდა, ნაღვლიანი ვყოფილიყავი. ვამაყობდი ჩემი ძველი მეგობრით, – გაბედული და ძლიერი სულის მქონე ადამიანით. ჯერ კიდევ ცოცხალი ყაყაჩოები, რომლებიც კარენთან ეწყო, მზეს ეფიცხებოდნენ. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ახალი დღე უხაროდათ. მათი სიცოხლეც ხომ ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლის მსგავსად ხანმოკლე და წამიერია.
არ მითქვამს, ზუსტად სად მივდიოდი. არც კარენს უკითხავს. მესამე რაიონად წოდებული კვარტლის ქუჩაზე გადაუხვია და ვიწრო ხიდით ძველ ეკლესიასთან მივიდა.
– როდესაც შესაძლებელია, ყოველთვის აქეთ მომყავს მგზავრები, რადგან აქ განსაკუთრებული ადგილი და განსაკუთრებული აურაა. ხალხი ამ დალოცვილი ადგილის მადლსაც ეზიარება და ოცნებებიც უსრულდებათ. არაერთს გაუმხელია სიყვარული, ცხოვრების თანამგზავრისთვის სწორედ აქ, ამ ადგილზე. ოქროს გუმბათი წვიმისგან ოდნავ დასველებულიყო. ცად აღმართული ჯვარი კი თითქოს იმ ღრუბლებს ეჩურჩულებოდა, უახლოეს ფერდობს ავდარს რომ უქადდა. იმ ფერდობს, სადაც უნდა გაშლილიყვნენ იისთვალა ყვავილთა კოკრები, ფორმით ვარსკვლავებს რომ ჩამოჰგავდნენ.ტაძრის გამწვანებულ ეზოს გულში ჩაეკრა მძინარე ქვები და თავადაც თვლემდა. ქარი კი, მათ ბუჩქების სურნელით გაჯერებული ცრემლით ნამავდა.
ამ უძველესი შენობის გვერდით ჩავლისას პირჯვარი გადავიწერე. გზა კვარტლის მიმართულებით, ფერდობის აღმართზე ადიოდა. ცოტა ხნის წინ სახელშეცვლილი, წვიმისგან გალუმპული ქუჩა, თითქოს, სიბერისგან დაპატარავებული და დაუძლურებული ბებოსავით კვნესოდა. ერთი შეხედვით, აქ ყველაფერი უწინდელივით კი იყო, თუმცა ცვლილებებიც ჩანდა. ვხედავდი გამოკეტილ, ძველ სახლებს, უბედობისგან ჩამოქცევის პირას მყოფთ. ახალ სახლებში კი მოხუცები და ბედისგან გაბეზრებული ის ქალები ცხოვრობდნენ, ქმრები საშოვარზე გაგზავნილი რომ ჰყავდათ.
– მხოლოდ ორი თვის სიცოცხლეღა დამრჩა – დაარღვია დუმილი კარენმა. ჩემს ერთადერთ თირკმელში სიმსივნე აღმოაჩინეს. ჩემი დღეები დათვლილია. ასეთია ექიმების ვერდიქტი. გავშრი ამ საზარელი ამბის გაგონებაზე.
– არც ძმის შვილმა, არც რძალმა, არც შვილიშვილმა, – არავინ იცის, რა მელის. მათ ჰგონიათ რომ ექიმები თუ ერთ თირკმელს ამომკვეთენ, მეორეთი ვიცოცხლებ, მაგრამ მე უკვე ვეთათბირე გერმანიაში მცხოვრებ მეგობრებს. ხელშეკრულებაც კი დავდე ორგანიზაციასთან, რომელიც დონორებს ეძებს. გული აბსოლუტურად ჯანმრთელი მაქვს. გერმანიაში თირკმლის ამოსაკვეთად გავემგზავრები, მაგრამ… ჩემს გულს გადაუნერგავენ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება და წლებია, ელოდება. – კარენი მძიმედ, სვენებ-სვენებით, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა. ვგრძნობდი, მისთვის ეს ადვილი სათქმელი არ იყო. – ორგანიზაცია ჩემს გულში გარკვეულ თანხას გადაიხდის. ამ თანხით მეგობრები დამკრძალავენ. ნაწილს კი ძმის ოჯახს გაუგზავნიან. ნათესავებს ეტყვიან რომ ჩემმა გულმა ნარკოზს ვერ გაუძლო. დამკრძალავენ სამშობლოში, დედის და ძმის გვერდით, ეკლესიასთან ახლოს, სასაფლაოზე.
ბავშვობიდან კაენს მეძახდნენ. ყველაზე შოკისმომგვრელი ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი იყო, როდესაც ერთმა მორწმუნე ქალმა ეზოში გამაჩერა და მკითხა: „შვილო, იცი კაენი ვინ იყო?“ ვინ იყო მეთქი, ვკითხე. პასუხმაც არ დააყოვნა – „ძმის მკვლელი“. ამ სიტყვებმა ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენა. შინიდან გავრბოდი, არავისი ნახვა არ მინდოდა. ყველაზე მეტად დედისგან მწყინდა, კაენს რომ ყოველთვის სიხარულით მეძახდა ანუ იმ სახელს, რომელმაც ჩემმა თოთო ძმამ შემარქვა. ვინც კაენს დამიძახებდა, არავისთვის მემეტებოდა სიცოცხლე. ველური ცხოველივით ვღეიალებდი და თავს კედელს ვურტყამდი. მეშინოდა, ჭკუიდან არ გადავსულიყავი. ღმერთი?! მისი ბრალით არ მოხდა რომ გავეშებულმა კაენმა ღვიძლი ძმა მოკლა?! როგორ უნდა მიემხრო ერთ ძმას და მეორეს კი მხარი არ მისცე? საერთოდ მივატოვე სახლი და ბებიასთან დავსახლდი. ცოტა ხნის შემდეგ ომი დაიწყო, მიწისძვრაც მოხდა. შემდეგ კი ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლოს როგორც იქნა შინ დავბრუნდი, რადგან ჩემებს ძალიან ვჭირდებოდი. მაშინ მივედი დასკვნამდე რომ სახელს არ უნდა ჰქონოდა რაიმე როლი ადამიანის ცხოვრებაში. გადავწყვიტე, სახელისათვის მნიშვნელობა აღარასოდეს მიმენიჭებინა.
ამასობაში გზაჯვარედინამდე მივედით და მანქანის გაჩერება ვთხოვე.
– ჩვენს სიცოხლეს ფასი არა აქვს… მაშ, რატომ არ უნდა გავყიდოთ ჩვენი სიცოხლე სიკვდილზე ძვირად?! – თქვა კარენმა და ყაყაჩოების თაიგული გამომიწოდა.
– გამომართვით დაიკო, უარს ნუ მეტყვით. მიიღეთ წამსვლელი ადამიანის უკანასკნელი თხოვნა. მტკიცედ წარმოსთვა ეს უკანასკნელი სიტყვები. ძრავა ჩართო და წავიდა.
– კაეენ!
– წითელი ფარების შუქი, სადღაც, კუთხეში გაუჩინარდა.
ცამ თითქოს პირი შეკრა და საზარელი შტორმის დროს რომ იცის ხოლმე, – ქუხილისთვის მოემზადა. ძლიერი ქარისგან შერხეული ხეებიც ახმაურდნენ. ცაზე მცურავი ლეგა ღრუბელი კი მთელი დღე კარენის შეხვეულ ხელს მაგონებდა, რომელზე დაყრდნობაც მეშინოდა ოდესღაც, შორეულ წარსულში, საახალწლო ზეიმზე ცეკვის დროს.
(*) – კარენი, ბავშვის მიერ წარმოთქმული, ჟღერდა როგორც “კაენ”.
რუსულიდან თარგმნა ლევან ცალუღელაშვილმა
ანუშ სარგისიანი – მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. 1993 წელს დაასრულა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრა. 2004 წელს კი – „ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტების“ კურსი, ორგანიზებული IWPR-ის ომისა და მშვიდობის გაშუქების ლონდონის ინსტიტუტის მიერ. 2003-2004 წლებში, თბილისში, იმავე ინსტიტუტიდან მონაწილეობდა შეკრებაში, რაც სამხრეთ კავკასიაში ჟურნალისტთა ქსელის შექმნას ისახავდა მიზნად. 1999 წლიდან არის სომხეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. ასევე არის ერევანში მოქმედი, ინტელექტუალური სისტემების განვითარების მეთოდოლოგიური სისტემის წევრი. დაჯილდოებულია 1999 წელს, სომხეთის ჟურნალისტთა კავშირის მიერ, 2004 წელს – ლტოლვილთა საერთაშორისო კომისრის ოფისის ერევნის ოფისის და ორხუსის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. 2015 წელს, მისი მოთხრობა «სარდაფის მარუსია» დასახელდა გამარჯვებულთა შორის, სომხურ ელექტრონულ გამოცემა „გრანიშის“ და მედიაჰოლდინგ „ანტარესის“ მიერ კონკურსზე „პროზა – 2014“. ერევნის წიგნის პირველ ფესტივალზე „ერევნის ბუკფესტი – 2017“ გადაეცა სერტიფიკატი მომავალი წიგნის პოპულარიზაციისთვის. 2018 წელს გამოიცა მისი რომანი-ესე „სახლი ბაღის პირდაპირ“ რომელშიც ავტობიოგრაფიული მოთხრობებით გააცოცხლა საბჭოთა 70-80-იანი წლები. ნაწარმოებები გამოქვეყნდა ათზე მეტ სომხურენოვან ლიტერატურილ ვებგვერდზე და ბეჭდურ, პერიოდულ გამოცემებში, წელიწდეულში. ცხოვრობს ერევანში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close