სამართალი

შსს – სირცხვილის დერეფნები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება კონსტიტუციით გარანტირებულ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ჩარჩოებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.

„სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან, ერთმნიშვნელოვნად, მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელების ხელის შეშლას და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე, რათა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 21 ნოემბერს, არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ. პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“, – განმარტავენ უწყებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close