ეკონომიკა

რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაიზრდება

ლაშა ქავთარაძის თქმით, შესაძლოა, განაკვეთმა 1 პროცენტული პუნქტითაც მოიმატოს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაიზრდება

საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ვარაუდობს, რომ 11 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის. აღნიშნულის შესახებ ქავთარაძემ გადაცემის “საქმიანი დილა” ეთერში ისაუბრა.

სწორედ 11 მაისისთვის არის დაგეგმილი ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომა. ეკონომისტის თქმით, შესაძლოა, განაკვეთმა 1 პროცენტული პუნქტითაც მოიმატოს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაიზრდება:

“როდესაც ინფლაცია არის მაღალი, ბიზნესმა უნდა დაგეგმოს, მისი საქმიანობა როგორი იქნება მომდევნო წელს ან მომდევნო წლებში.

ამიტომ, აქ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის სიგნალი, რომ ის აკონტროლებს ინფლაციას.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ჩვენთან ინფლაციაზე მიწოდების ფაქტორების გავლენა მაღალია, ჩვენი შეფასებაა არის, რომ ეროვნულ ბანკს, სავარაუდოდ, მოუწევს ხვალ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეს შესაძლოა იყოს დაახლოებით 1 პროცენტულ პუნქტამდე”, — დასძინა მან.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილებაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, განაკვეთზე დამოკიდებულ სესხებს.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button