რეგიონები

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

კომპანია აცხადებს, რომ ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეთანხმება მოხდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პარალელურად, 10 მაღაროელი მე-5 დღეა შიმშილობს, 3 000-ზე მეტი კი გაფიცულია. საპროტესტო აქციები უკვე 11 დღეა

მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გუშინ „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები.

კომპანია აცხადებს, რომ ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეთანხმება მოხდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

„განცხადებები, ტყუილი დაპირებები არის მაგ კომპანიის ძლიერი მხარე. 2012 წელსაც იყო მსგავსი შემთხვევები, 2018შიც, 2021შიც და ახლაც, იგივე სიტუაციაა. ვსაუბრობთ, ელემენტარულზე, რაზეც საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს და მშრომელს ნორმალური პირობები უნდა ჰქონდეს. განცხადებას და დაპირებას რომ რამე აზრი ჰქონდეს, რამეს გამოსწორება რომ ეცადა კომპანიას აქამდე ხომ არ მოვიდოდით? ხომ არავის მოუვიდოდა აზრად ან პირის ამოკერვა ან შიმშილი? იქნებოდა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, მაგრამ უშედეგოა ეს დაპირებები. შეიძლება 1 და 2 თვე რაღაცამ გაამართლოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქეთკენ მივდივართ და ისევ პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რამე ქმედითი ნაბიჯი არ გადაიდგა და ძირეულად არ შეიცვალა სიტუაცია, ისე არაფერი გამოვა. აზრი არ აქვს დაპირებებს, პროტესტს ვაგრძელებთ იქამდე, სანამ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება“, – აცხადებს მაღაროელი დავით ჩინჩალაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close