მსოფლიო

ჩვენ სამშობლოს მოღლატეები კი არა, პატრიოტები ვართ – პრიგოჟინი პუტინს გამოეხმაურა

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინი ძალიან შეცდა, როდესაც „ვაგნერის“ წევრები ღალატში დაადანაშაულა.

„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძალიან შეცდა. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – ეს ეხება „ვაგნერის“ ყველა წევრს. არავინ აპირებს პრეზიდენტის, „ეფესბეს“ ან ვინმეს მოთხოვნით მონანიებას და ჩაბარებას. ვინაიდან არ გვსურს, რომ ქვეყანამ კორუფციაში, ტყუილში და ბიუროკრატიაში ცხოვრება გააგრძელოს“, – აცხადებს პრიგოჟინი.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close