საზოგადოება

„შენნაირი კაცების ამ წუთისოფლიდან გასვლისთვის სახელი ვერ დამირქმევია“- ტარიელ ხარხელაური გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება

მინდა ჩემს თავსა და ჩემს ქვეყანას მივუსამძიმრო, რომ მიდის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან, ძალიან უყვარდა – პოეტი ტარიელ ხარხელაური გურამ დოჩანაშვილს ემოციური წერილით ემშვიდობება.
„ჩემს გურამ დოჩანაშვილს…
ამ წუთისოფელში ყველა ტკივილს თავისი სახელი აქვს, სიმძაფრეც თავისი შესაფერისი, მაგრამ შენნაირი კაცების ამ წუთისოფლიდან გასვლისთვის კი სახელი ვერ დამირქმევია… იქნებ სწორიც არის, რადგან სახელსა და საქმეს, შენგან დანატოვარს, სხვა მზე ათბობს, სხვა სურნელი აქვს და განა დღეს რომ ტკივილს ვეძახით, ამის საპირწონედ გამოდგება?!
სხვისა რა მოგახსენო, მაგრამ სამშობლოზე ფიქრითა და ტკივილით გაკერპებულ გულს ვერაფერს ვუხერხებ და გამშრალი გულით გამონადენი ცრემლი იმ გზას, რასაც ახლა ადგახარ, ყვავილებით ვერ მოგიფენს. შენ კი სწორედ ასეთი ცრემლით გაცილება გჭირდება… სხვას ვერ ვთხოვ შენდობას, შენ და შენნაირ კაცებს კი შენდობაც შეგიძლიათ, ჩემში აღარაფერი არ არის ნედლი, ისევე როგორც შენში, ჩვენს ტკივილებით გამომშრალ გულებში. ჩემ ირგვლივ შემზარავი სიცარიელეა, სიცარიელე- შენი და შენნაირი კაცებით ნაკლულ საქართველოში.
სხვა რაღა დარჩა, მინდა ჩემს თავსა და ჩემს ქვეყანას მივუსამძიმრო, რომ მიდის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან, ძალიან უყვარდა…
გუშინ კი საქართველომ გააცილა კაცი, რომელმაც ქართულ სიმღერას საკუთარი გული ჩაუდგა…
ძალიან ძნელია, იარო ანზორ ერქომაიშვილის, თემურ წიკლაურისა და გურამ დოჩანაშვილის ნაირი კაცებით ნაკლულ საქართველოში და მარტოობა არ იგრძნო… და რაც ყველაზე მთავარია, საოცარმა სიცარიელემ არ შეგძრას:
ჩაქრნენ ვარსკვლავნი,ზეცა იცლება,
ცვარი ეღვრება ციდან, იელებს
ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება,
ეს შემზარავი, სიცარიელე.
კლდეებს ნაწყლულევთ, ნისლით ვუხვევდი,
ცაო, როგორ მღლი, შენი უფლობით,
წუხელ, სიკვდილი მეწვა მუხლებზე,
და მე და ქარი ვჭირისუფლობდით…
გემშვიდობებით… მომავალ შეხვედრამდე ბატონებო…“ – წერს ტარიელ ხარხელაური.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, გურამ დოჩანაშვილი საზოგადოებამ ტაშით გააცილა.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

May be an image of 2 ადამიანი და შიგნით
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close