საზოგადოება

EMA-ს მაღალჩინოსანმა AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირი დაადასტურა

ევროკავშირის წამლების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ AstraZeneca- ს ვაქცინასა და ცალკეულ პირებში თრომბის გაჩენას შორის კავშირი არსებობს.

როგორც მარეგულირებლის ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკო კავალერიმ გამოცემასთან საუბარში თქვა, “ახლა უკვე ამის თქმა შეგვიძლია, რომ აშკარაა კავშირი ვაქცინასთან. მაგრამ რა იწვევს ასეთ რეაქციას, ჯერ არ ვიცით. ცერებრალური თრომბოზები თრომბოციტების უკმარისობით, ალბათ, მთავარი ფაქტორია, რომელიც მოითხოვს დამატებით კვლევას. რამდენიმე საათში ოფიციალურად ვიტყვით, რომ კავშირი არსებობს, მაგრამ უნდა გავიგოთ, როგორ ხდება ეს “.

მისი თქმით, ცერებრალური თრომბოზის შემთხვევები ახალგაზრდებში ბევრად მეტია.

“ამ კვირაში დავიწყებთ წინასწარი განმარტებების წარმოდგენას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შევძლებთ ასაკობრივი ზღვარის დაზუსტებას, როგორც ეს გააკეთა სხვადასხვა ქვეყანამ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ მარეგულირებლები ვართ და უნდა გვქონდეს ძალიან ზუსტი მონაცემები რისკ-სარგებლის შესახებ”, – თქვა კავალერმა.

ამ დრომდე ევროპის მარეგულირებელი “ასტრაზენეკას” ვაქცინას რეკომენდაციას უწევდა, როგორც უსაფრთხოს. ასევე, აცხადებდა რომ თრომბების გაჩენასა და ვაქცინას შორის კავშირის მტკიცებულება არ არის.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთის რეგულატორმა 30 შემთხვევაზე განაცხადა. მათგან 7 ლეტალური შემთხვევა იყო, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ბრიტანეთში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება 30 წლამდე პირებისთვის შეიზღუდება.

წყარო: კვირა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close