პოლიტიკა

ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ეს პირველი რიგის ამოცანა იყო – პრემიერის განცხადება

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების აღქმაში უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომი გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close