სამართალი

საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს – გვარამია

ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანცია განიხილავს. სხდომა მსჯავრდებული გვარამიას პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. ნიკა გვარამიამ ოპოზიციას რჩევები მისცა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის ვისაც ამას დააბრალებს და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას ესეც საზოგადოების ბრალია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ხელისუფლებას ამ ველში ვერ გადმოითრევენ. პირიქით, თვითონ უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და დაამარცხონ ხელისუფლება. ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით მოაგვარონ. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ფართო თვითმმართველობის ორგანოებში ფართო წარმომადგენლობა ჰყავთ“, – განაცხადა გვარამიამ.

მან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და „მხნედ და კარგად“ ყოფნისკენ მოუწოდა.

გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილის პროკურორს სიცრუეში ადანაშაულებს.

„მხარეებმა წარვადგინეთ შესავალი სიტყვები. როგორც მოსალოდნელი იყო პროკურატურამ ისაუბრა მათ შორის ტყუილები და უსუსური არგუმენტაციით ცდილობს, რომ თითქოსდა დაასაბუთოს ნიკა გვარამიას მხრიდან დანაშაულის ჩადენა. შემდეგი ეტაპი არის მოწმის დაკითხვა და ამის შემდეგ მხარეები დასკვნითი სიტყვით წარვდგებით სასამართლოს წინაშე. არ ვიცი რამდენად მოხერხდება დღეს ეს ყველაფერი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში დაცვის მხარე მონდომებულები ვართ, რომ ეს პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მათ შორის დღეს წარმოვთქვათ ჩვენი დასკვნითი სიტყვა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close