საზოგადოება

როგორ უნდა შეამცირონ ჭარბწონიანმა ადამიანებმა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულების რისკი?

ბოლო დროს ბევრ რეკომენდაციაში შეგხვდა ფრაზა, რომ ჭარბწონიანობა კორონავირუსის მიმდინარეობას ართულებს და ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. წარბწონიანობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა დღეს. რას გულისხმობს ეს რისკი, რა ოდენობის წონა ითვლება სახიფათოდ და რა უნდა გააკეთონ ჭარბწონიანმა ადამიანებმა პროფილაქტიკისთვის, ამ თემაზე „მშობლები. ჯი“ -ს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრება:

-ჭარბწონიანობა და მეტაბოლური დარღვევები რესპირაციული ვირუსული ინფექციების მიმდინარეობას ამძიმებს, მათ შორისაა, კორონავირუსული ინფექცია. მსოფლიო სტატისტიკითა და სხვადასხვა კვლევით, ჭარბწონიან ადამიანებში ვირუსული ინფექციები და, როგორც აღვნიშნე, ახალი კორონავირუსული ინფექცია მიმდინარეობს შედარებით უფრო მძიმედ, ვიდრე სხვა ადამიანებში. ამიტომ, ჭარბი წონა, ყველა კვლევის მიხედვით, რისკფაქტორს წარმოადგენს, მიუხედავად ასაკისა. რა თქმა უნდა, ასაკიც თუ ემატება და ფონური დაავადებები, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ ახალგაზრდა ასაკშიც ჭარბი წონა დაავადების მიმდინარეობას ართულებს. საშიშად ითვლება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40-ზე მეტია, თუმცა შედარებით უფრო ნაკლებ ჭარბწონიან ადამიანებშიც მაინც აღინიშნება დაავადების მეტ-ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუ პაციენტებს მეტაბოლური დარღვევები აქვთ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართონ, სპეციალური კვება და დიეტა უნდა იქნას შერჩეული. მედიკამენტოზური ჩარევა მხოლოდ ექიმთან რეკომენდაციით უნდა მოხდეს. იყავით ფიზიკურად აქტიურები, აკონტროლეთ წონა. ჭარბი წონა 100 პროცენტიანი გარანტია არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ რისკებს ზრდის.

რა უნდა გააკეთონ ჭარბწონიანმა ადამიანებმა წინასწარ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკი მინიმალური იყოს – ამ თემაზე სასაუბროდ „მშობლები.ჯი“ ენდოკრინოლოგ ანა მალაზონიასაც დაუკავშირდა.

– ჭარბი წონა ვირუსის მიმდინარეობას ართულებს. ჭარბწონიან ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქარიანი დიაბეტის რისკი მაღალია. ხშირად აწუხებთ არტერიული ჰიპერტენცია და აქვთ დისლიპიდემია, რაც სისხლძარღვოვანი დაზიანებისა და შემდეგ კორონავირუსის შედარებით რთულად მიმდინარეობის წინაპირობაა.
– რა ითვლება ჭარბ წონად?
– ჭარბ წონად ითვლება სხეულის მასის ინდექსი 25-ზე ზემოთ. სხეულის მასის ინდექსი (BMI) წონის სიმაღლის კვადრატთან შეფარდებით გამოითვლება. უფრო მეტად სარისკოა პირველიდან შემდგომი ხარისხის სიმსუქნეები, ანუ BMI 30-ს ზემოთ. სხეულის მასის ინდექსი 25-დან 30-მდე არ არის საგანგაშო მდგომარეობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მუცლის ცხიმს ანუ წელის გარშემოწერილობას. წონა შეიძლება კუნთისა და ძვლის ხარჯზეც იყოს. ამიტომ, როგორც წესი, მაღალ BMI-ს ( 30-ზე ზემოთ) და წელის გარშემოწერილობას ექცევა ყურადღება, რაც მამაკაცებში 100 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო ქალებში 88 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს.
– რა შეიძლება გააკეთონ პროფილაქტიკისთვის ჭარბწონიანმა ადამიანებმა და ხომ არ შეუძლიათ ომეგა 3 ან სხვა ტიპის ვიტამინი მიიღონ?
– ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ შეიძლება არც ერთი პრეპარატის ან ვიტამინის მიღება. ჭარბი წონის დროს ხშირია D ვიტამინის დეფიციტი, რაც შეჭიდულია იმუნიტეტთან და აქიდან გამომდინარე, მარტივად თევზის ქონის მიღება, შედეგსაც ნაკლებად გამოიღებს. უმჯობესია სწორი კვებითი ჩვევები, ფიზიკური აქტივობა, წონის კლება და გარკვეული მედიკამენტების მიღებაც, რამაც შესაძლოა იმუნიტეტის გაძლიერებას ხელი შეუწყოს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ექიმთან კონსულტაციის შედეგად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. გასათვალისწინებელია, რომ წონის აგრესიული კლება არ არის სასურველი. ის, პირიქით, აზიანებს იმუნურ სისტემას და იწვევს მიკრო და მაკრო ელემენტების გამოფიტვას, ამიტომ, არავითარ შემთხვევაში მკაცრ დიეტაზე არ მაქვს საუბარი. აქ ლაპარაკია სწორ, ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებაზე. რაციონიდან ამოვიღოთ ცხოველური ცხიმები, ტკბილეული და ამით ხელი შევუწყოთ სისხლ-ძარღვების ქოლესტერინისგან გასუფთავებას. თუმცა, უმჯობესია სწორი კვების რეკომენდაციები, ინდივიდუალურად, ექიმმა გასცეს.
– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ და ამავდროულად, ვირუსის შედარებით მძიმე მიმდინარეობის ეშინიათ?
– ყველაზე მთავარია ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება, რაც სახლის პირობებშიც შეიძლება. არ იწვნენ უფრო მეტად, არამედ ფეხით ბევრი იარონ. თუნდაც, ეზოში ჩავიდნენ, ჰაერზე. ფიზიკური აქტივობა სისხლ-ძარღვებს ტონუსს ანიჭებს, თრმომბების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. მსუბუქი კარდიო ვარჯიშები აკეთონ, რომ ნაკლებად იყვნენ უმოძრაოდ და უენერგიოდ. აქცენტი უნდა გამახვილდეს სწორ კვებაზე. ტკბილეულისა და ზედმეტად ცხიმიანი საკვების შეზღუდვა და ბევრი ვიტამინით მდიდარი ხილის, ბოსტნეულის, ცილოვანი საკვების, განსაკუთრებით ხორცის, რძის პროდუქტების მიღებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რადგან დაავადება უფრო გვერევა, როდესაც სტრესის მიმართ ნაკლები ამტანობა გვაქვს.

იხ. სრულად: მშობლები.ჯი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close