საზოგადოება

რატომ არის გასაკვირი, რომ ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდში ჩავიდა? არ აქვს უფლება? – ლევან ლორთქიფანიძე

„რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოში ჩასვლას საზოგადოებაში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. „გოლეთიანმა იქ ყოფნის დროს მეორე რიგიდან მხოლოდ სიმშვიდისკენ, სიწყნარისკენ მოუწოდა მხარეებს და საქმეების გარჩევაში ჩარევა არც უკადრია … არ ჰქონდა ამის უფლება???“ – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოძრაობამ “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საყოველთაო ყურადღება სულ რამდენიმე კვირაა რაც დაიმსახურა. მანამდე რიონის მცველები სულ მარტო იყვნენ და ათასში ერთხელ გრძნობდნენ მცირერიცხოვანი ჯგუფების მხარდაჭერას.
ცოტა ხნის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინიციატივით პროტესტის მონაწილეების მიერ აღმართული ჯვარი საპროექტო სამუშაოების ადგილიდან მოთხარეს. მერიის აქტივობას ზურგი გაუმაგრა ქუთაისის ეპარქიამაც. მეუფე სტეფანე მეორე დღესვე გამოვიდა და სრული სოლიდარობა გამოუცხადა რიონის მცველებს, ჯვრის გამოყენების კურთხევაც მისცა და ნამახვანის საწინააღმდეგო განცხადებაც გააკეთა.
ამის შემდეგ რატომ არის გასაკვირი, რომ ვარლამ გოლეთიანი – ცაგერის ეპარქიასთან დაკავშირებული პირი, თეოლოგი, მგალობელი, პატრიარქის ერთგული მოძღვრის ოჯახის წევრი ჩადის ჭყონდიდში მივლენილ ეპისკოპოსთან, რომელსაც პეტრე ცაავას მომხრეები ლამის ქვებით, ლანძღვა-გინებითა და მუშტი-კრივით აძევებენ ეკლესიებიდან. რა არის გასაკვირი, როდესაც ადამიანი მადლიერებას გამოხატავს წარსულში მეუფე სტეფანეს მიერ გამოვლენილი თანადგომისათვის? არ აქვს უფლება? პეტრე ათასჯერ უკეთესია სტეფანეზე? რომელიმე მხარე მარტვილში ნორმალურად იქცევა? თან ბ-ნმა გოლეთიანმა იქ ყოფნის დროს მეორე რიგიდან მხოლოდ სიმშვიდისკენ, სიწყნარისკენ მოუწოდა მხარეებს და საქმეების გარჩევაში ჩარევა არც უკადრია … არ ჰქონდა ამის უფლება???
გია ნოდიას გემოვნებაში რადგან არ ჯდება, ამიტომ ბნელეთის მოციქულია? როგორც ჩვენ გვინდა ისე უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს?
ისე ფრთხილად იყავით, უპრინციპო ლაჩრები გემოვნებას საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნების მოტივით ხშირ-ხშირად იცვლიან ხოლმე, ყოფილი მარქსისტები ნახევარ წელიწადში აგრესიული ლიბერალიზმის ბებიაქალებად გარდაისახებიან ხოლმე.
გია ნოდიაზე არც ერთი თავმოყვარე ადამიანი, არც ერთი თავმოყვარე გობლინი არასდროს იტყვის, რომ ის პატიოსანი, ღირსეული და წესიერი კაცია. ამიტომ მისი და მისნაირების ამოცანაა, რომ ყველა ტალახში ამოსვარონ, ყველა ადამიანში ის სისაძაგლეები დაინახონ, რითაც თავად არიან დაღდასმულნი.
ვარლამ გოლეთიანი არც კერპია და არც შეუცდომელი… უბრალოდ, ის კეთილი და სერიოზული ადამიანია, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მიზნისთვის იბრძვის; რომელსაც ბრძოლაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ბევრს სურს, რომ უმნიშვნელოვანესი მიზანი დავივიწყოთ და ამიტომ თავს ესხმიან ჩვენი მიწისა და მდინარეების ყველაზე აქტიურ მცველს, ჩვენი ყურადღება გადააქვთ ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე. რიონის მისნაირი მცველების წარმატების ეშინიათ!“ – წწერს ლევან ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, პოლიტოლოგი გია ნოდია ვარლამ გოლეთიანის სალხინოში ჩასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ბატონი გოლეთიანი ქურდად აკურთხეს უკვე? პატარა ამბავი არაა: ეკლესიას ურჩევს კაცი საქმეებს, ამალაც თან ახლავს“ – წერს გია ნოდია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close