საზოგადოება

“მესაყვირე” – ის ერთ შენობაში მოხუცდა, მხოლოდ ოთახებს და მთავრობებს იცვლიდა”

სიჩუმე და სიმშვიდე იყო. არა დრო, არა სულთქმა, არა ურვა. ადგილი იყო უსასრულო და მასში ცის კარი ღია. ერიონე სწორედ ამ კართან იდგა და თვალწინ გადაშლილ ამაოებიდან ფრაგმენტებს აკვირდებოდა. არ იტაცებდა ეს საქმე. მას საყვირზე დაკვრა მოსწონდა, მაგრამ ეს დავალება იყო და საყვირიც თან არ ჰქონდა.
კარს მიღმა ჭაღარა ცისფერთვალება გამოჩნდა, ფორმებიან ქალს რომ თვალი გააყოლა და თავიც მიატრიალა. სწორედ ამ დროს გადაყლაპა პირსმომდგარი ნერწყვი და მოღრეცილმა კისერმა ჯერ სუნთქვა შეუკრა, მერე კი ისეთი ხველა აუტყდა, რომ გამვლელები შეჩერდნენ და გაირინდნენ ობიექტის ნერწყვითდახრჩობის მოლოდინში.
– შემჩნეული მაქვს, თუ ობიექტი ხარბია, იმავდროულად ის ძუნწიც არის და შურიანიც. დღეს იმ ქალს დაურეკავს პროსტიტუს რომ ეძახის, ვახშმად მიიწვევს, ვისკს მოწრუპავენ და შემდეგ წარმართობაში გადაეშვებიან. მანამდი კი ქალისგან მალულად აბს მიიღებს, მერე გაურკვეველი ბგერების კასკადი გვერდითოთახში დავრდომილ დედას ააცრემლებს, რომელთანაც საუბრისთვის ჭაღარას დრო არასოდეს ჰყოფნის.
– ეს კი… ჰო, ეს პოეტობას იჩემებს. მრავალი სახე აქვს, მაგრამ მსახიობად ვერ გამოდგება. როდესაც გიღიმის სწორედ მაშინ გითხრის მიწას. როგორი თვალებით უყურებს პუტკუნა თანამშრომელს! საბრალო პუტკუნამ არ იცის როგორ ხიფათშია. ახლა თვალთმაქცი რქებზე ხელს გადაისვამს, კუდს გაისწორებს და ყველას გასაგონად იტყვის – მე ჭეშმარიტი ჰუმანისტი ვარ-ო.
– ოო, ეს იშვიათი ფარისეველია! ახლა იმ კაბიანი მოხუცის წინაშე მუხლებზე დავარდება. რომ ჰკითხოთ უყვარს მოხუცი, სინამდვილეში კი სიყვარულის არაფერი გაეგება. ყველა ობიექტი ასე არის, მხოლოდ ბოლო წამს თუ მიხვდებიან ისიც თუ გაუმართლად. აი, მოხუცს კაბის კალთაზე ემთხვია. ნეტა ვის სჭირდება? რას ასწავლის ამგვარი ქმედება? პატივისცემას? მოკრძალებას? მორჩილებას? არამც და არამც რადგან ეს ყოველივე სწორედ იმ სიყვარულისგან მოდის, რომელზეც ობიექტებს წარმოდგენაც კი არ აქვთ. ამ ჩამუხლულ ქალბატონს რომ სიყვარულის იოტისოდენა მაინც გაეგებოდეს თავის შვილს მამისადმი სიძულვის არ ჩაუნერგავდა.
– აქეთ ვინ არის? ჰო, ეს ინტელექტუალური სნობიზმით შეპყრობილი გახლავთ. მუდამ ყველაფერი იცის, საუბრობს ნებისმიერ თემაზე მიკროსხეულებიდან კვაზარების ჩათვლით. ფილოსოფია, მწერლობა, პოეზია, არქიტექტურა, მხატვრობა, ერთი სიტყვით ყველაფერზე შეუძლია კამათი. იმაზეც კი, თუ რას გულისხმობდა ესა თუ ის ხელოვანი ამა თუ იმ ფრაზაში, შტრიხში, ნახატის ფრაგმენტში ან დეტალში. ავიწყდება რომ სხვხდადხვა თავის ქალაში ნეირონების აქტივობის თანმიმდევრობა ისეთივე განუმეორებელია, როგორც თითების ანაბეჭდი, როგორც თვალის გუგაზე ფიგურები და ფერების ტონალობა. საოცარია! ცხოვრებას გვერდს ისე უვლიან რომ ვერც კი უახლოვდებიან მის სიტკბოებას. სამაგიეროდ სასაცილოდ ებღაუჭებიან შეუტკბობელს და როგორც წესი ერისიქთონის მსგავსი დასასრული ხშირია.
– აი, ამ ობიექტის შესახებ ვიტყვი იმას რომ მშვენივრად იცის ვის, როდის, რა და როგორ უთხრას. მდიდარ და შეძლებულ მრევლზე აქვს აქცენტი. ჯერ სულში უძვრება მერე ჯიბეში. არაფერი აკლია და მისი შთამომავალიც განცხრომით იცხოვრებს. გაკადნიერდა და ისიც კი თქვა – მე ღმერთი ვიცი-ო. ის სისტემას ემსახურება, სისტემას თავისი წესი აქვს, წესი კი როგორც წესი ირღვევა.
– ეს ობიექტი ყველაფერს ერგება როგორც უნივერსალური ინსტრუმენტი. არაფრის სწამს და არავისი სჯერა. არც მისი სჯერათ, მაგრამ მისი უნივერსალურობის გამო ის სჭირდებათ. ეს კი სავსებით საკმარისი ფაქტორია მუდმივი სამუშაოსთვის. რა საჭიროა სიღრმეები, როდესაც ზედაპირულობა უფრო სარფიანიც არის და უსაფრთხოც?!
-ოოო, ეს კი უცნაურობის ნიმუში გახლავთ! მისი ტვინი დავირუსებულია. ვირუსიც არის ვირუსიც! ის ყველა ობიექტის ტვინშია, მაგრამ მას განსაკუთრებული შეხვდა. ის ცეცხლოვან კომეტას ჰგავს უსასრულობაში რომ დაღუპვისთვის არის განწირული და უსათუოდ რომ დაიფერფლება, მაგრამ მის გაელვებას მარადისობა შემოინახავს.
– ეს კი ერთ შენობაში მოხუცდა. მხოლოდ ოთახებს და მთავრობებს იცვლიდა. მის გამო მრავალი გაასამართლეს. სამი სიკვდილით დასაჯეს. ახლა კოშმარებშია მისი გონება. თითქმის ვეღარ სძინავს და ამ უძილობაში მელოტონინის ნაკლებობა არაფერ შუაშია.
– ნეტავი არის ხსნა? – წაიჩურჩულა ერიონემ.
– მე მეკითხები? – გაისმა ხმა.
ერიონეს აღელვება შეეტყო.
– მომიტევე… გადამავიწყდა რომ ყოველივე გესმის…
– მაშინ ნურაფერს კვირობ ობიექტებისგან.
– მე მათ ვუთანაგძნობ…

– რას გრძნობ მაგ დროს?
– როგორ? შენ არ იცი?
– შეგრძნებები უცხოა ჩემთვის
– შენ ხომ სიყვარული ხარ?
– ერიონე, მე არ გამაჩნია არავითარი ემოცია. მე არ ვიცი რა არის სიყვარული, არ ვიცი სიძულვილი, არ ვიცი ყოველივე ის რაც მათ შორის არის.
– მე მასწავლიდნენ რომ…
– სწორად გასწავლიდნენ, მე ვარ აბსოლუტური გამცემი. მხოლოდ გამცემი.
– ეგ ხომ სიყვარულია
– ნებისმიერი სახელი პირობითობაა. სინამდვილე კი ჩემი ყოველწამიერი და უსასრულო დაბადებაა. მშვიდი დაბადება, ყოველგვარი განცდის გარეშე. მე ერთი ვარ ასეთი რომელშიც მთლიანად არის სამყარო და ამავდროულად მე მთლიანად ვარ სამყაროში. მე გავცემ დაუფიქრებლად, მუდმივად, და ბოლომდე. არაფერს ვიტოვებ და არაფერს ვიღებ სანაცვლოდ. მე არ ვანადგურებ, არავინ მძულს და არავინ მიყვარს, არავის ვწყევლი და არავის ვლოცავ. ამავდროულად მე ვარ ყოველივე ამის მიღმა.
– ეს სიყვარულია…
– ეს მე არ ვიცი.
ეს რომ ვიცოდე, მე – მე აღარ ვიქნები. მე აბსოლუტურად უემოციო ვარ. თორემ, ვფიქრობ, ჩემი ცრემლები ობიექტებს ყელამდე მისწვდებოდა.
– დიახ, ძალიან აშავებენ
– დღეს მწვანეთვალებას ესტუმრე?
ერიონემ თავი მორცხვად დახარა.
– არა
– რას ელოდები, შეხედე
– დიახ
ერიონემ ღია კარში თითი გაიშვირა. კარს მიღმა მხოლოდ ერთმა წერტილმა იცვალა ფერი და მთლიანად შევსო სივრცე.
მწვანეთვალება სარკის წინ იდგა და წაბლისფერ წელამდეთმებში აუჩქარებლად ატარებდა ყვითელ სავარცხელს.
– ერიონე, შენ იკითხე არის თუ არა ხსნა
– დიახ
– აი რას შემოგთავაზებ – წადი იქ, იმათთან. იქ ბევრ რამეს მიხვდები, მრავალ კითხვას გასცემ პასუხს, მათ შორის შენსავე დასმულს შეკითხვას და როდესაც ყოველივეში გაერკვევი მომახსენე. წადი, რადგან ყველა მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. წადი გაშალე ფრთები და გაეშურე ცის კარის იქით.გაეცი ყოველივე რასაც შესძლებ, რადგან სწორედ ის გტკივა, რის გაცემასაც ვერ ახერხებ.
– ახლავე წავიდე?
– ახლავე
ერიონემ ზღურბლზე ფეხი ფრთხილად დადგა. უჩვეულო შეგრძნება დაუფლებოდა, აი ისეთი, როდესაც სრულიად უცხო სამყაროში, სრულიად მარტო მიემგზავრები, სადაც მხოლოდ უცნობი მწვანე თვალები გხიბლავს. ერიონემ ფრთები აღმართა.
უსიამოვნო იყო გზა ამაოებამდე. განსაკუთრებით მისი ბოლო მონაკვეთი. პლანეტამ ისე მიიზიდა, თითქოს არასოდეს გაუშვებსო.

ადრიანი დილა იყო. იქ, სადაც დაეშვა, მაღალი შენობები იდგა. ირგვლივ ხეები, ბუჩქები, მანქანები. თითონ
ნეკერჩხლის ხეს ამოფარებოდა. პირველი რაც გაიფიქრა – უფრო ლამაზი მოჩანდაო.
,,სამოსზე უნდა ვიზრუნო,, ფიქრი დაასრულა და სადარბაზოს კარი გაიღო. ხელებში დიდი ტომრით მამაკაცი სანაგვე ურნას მიუახლოვდა, ტომარა დადო, პირი გადაუწია და სამოსი გამოაჩინა. თითონ ერთერთი ავტომობილისკენ გაემართა. ერიონემ თვალი გააყოლა. მამაკაცმა მაქანის კარი გააღო, აუჩქარებლად ჩაჯდა, დაქოქა, სადგომიდან გამოიყვანა და წავიდა. ერიონემ ტომარას გახედა, რომელიც საიდანღაც მოსულ ობიექტებს ძირამდე დაეცარიელებინათ. რაც დაეტოვებინა იყო ერთი შარვალი, ერთი თეთრი პერანგი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი და რაც მთავარია ყველა ერიონეს ზომა. ტომრის სულ ძირზე კი ის შენიშნა რასაც არ მოელოდა. პირველი სიტყვა, რაც დედამიწაზე მისმა ბაგეებმა წარმოსთქვეს იყო – მადლიერი ვარ. ტომარაში საყვირი იდო. შეიმოსა და საყვირისკენ დაიხარა, სათუთად აიღო, შეთვალიერა, ხელი გადაუსვა, გაუღიმა, კლავიშები შეათამაშა და ტუჩებს აუჩქარებლად შეახო.
დიდხანს ასრულებდა არაამქვეყნიურ მელოდიას. სახლების აივნებზე ახალგაღვიძებულები გამოდიოდნენ. სულგანაბულნი ისმენდნენ საყვირიდან ამოფრქვევულ გაუგონარ ბგერებს. ამომავალი მნათობის სხივზე, ისე როგორც ერთს ყველას თვალები უბრწყინავდა, რადგან დანამოდათ.
რამდენიმე ჩანაწერი სოციალურ ქსელში მალევე დაიდო, სწრაფად გაზიარდა და მთელს ქვეყანას მოედო. ნაშუადღევს ჩანაწერი ყველა ტელეარხზე აჩვენეს. ყველას ერთი კითხვა გაუჩნდა – ვინ არის დღემდე უცნობი ვირტუოზი!
ერიონე ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა და მისი ფიქრები მწვანეთვალებას ეკუთვნოდა. ცდილობდა გამოეცნო როდის და რა ვითარებაში შეხვდებოდა ციას პირველად.
– აი, ის! აი, ის! – დაიყვირა ობიექტმა მისკენ რომ თითს იშვერდა. გამვლელები შეჩერდნენ და ღიმილით უცქერდნენ ერიონეს. აქა იქ ტაშის ხმა გაისმა და წამებში ქალაქის მთავარ გამზირზე მხურვალე აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ერიონემ ჯერ გაუღიმა მათ, მერე ხელიც დაუქნია, ისევ გაუღიმა, მაგრამ ამან ოვაციებიც გამოიწვია. ერიონემ მხარიდან საყვირი მოიხსნა და ტაშიც და ოვაციებიც შეწყდა. საოცრების მოლოდინში გაირინდნენ. პირველი მშვენიერი, რბილი, ჯადოსნური მუსიკალური ბგერა საყვირიდან გადმოიღვარა და ყველა მხარეს და ყველაფერს მიუალერსა. ამ ბგერებს ასევე თბილი, მაგრამ საოცრად სევდიანი ბგერები მოჰყვა. ყველა იღიმოდა, მაგრამ ყველას თვალზე ცრემლი იყო. მათ გულები როგორც ჩვილს ისე უძგერდათ. მსმენელებს შორის რამდენიმე ბავშვიც იყო და მათი უცრემლო ღიმილი საოცრად ჩამოჰგავდა საყვირიდან ამოფრქვეულ ბგერებს. საღამოვდებოდა, როდესაც ერიონე ისევ მქუხარე ტაშით დააჯილდოვეს.
მერე პოლიციელი მიუახლოვდა, მასაც თვალები დანამოდა.
– მაგარი ხარ, მესაყვირევ!
– ერიონე მქვია – გაუღიმა.
– შენ ქალაქმა მესაყვირე დაგარქვა. საიდან ხარ?
მესაყვირემ საჩვენებელი თითი მაღლა აიშვირა.
– იუმორიც შესანიშნავი გქონია.
გაეცინა პოლიციელს.
– ნახვამდის.
ერიონემ თავი დაუხარა.
გამზირიდან ზევით, მთისკენ მიმავალ ვიწრო ქუჩას შეუდგა. კიდევ უფრო ზევით ქუჩა მეტად ვიწროვდებოდა და სახლები თითქოს დერეფანს ჰქმიდნენ. ერთერთი სახლის ფანჯრიდან პლასტიკატის ცარიელი ბოთლი მოისროლეს. ბოთლი ერიონეს მოხვდა და ძირს დავარდა. ფეხი დაუხვედრა, ბოთლი აიღო და პირველი სართულის იმ ფანჯრის მინაზე დააკაკუნა რომელიც ღია იყო. იქიდან მშვენიერმა ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა და ის სწორედ მწვანეთვალება გახლდათ.
– უი, მესაყვირე! – გაეხარდა.
– შენ დააკაკუნე?
– კი… დიახ… მე – აფორიაქებულმა წარმოსთქვა.
– გისმენ, რამ შეგაწუხა?
– აი, ამ ბოთლმა – გაუღიმა.
– თქვენი ფანჯრიდან მოისროლეს.
ქალმა თავი მიაბრუნა და მკაცრი ხმით დაიძახა:
– ბაკო, მოდი!
თმახუჭუჭა ბიჭი გამოჩნდა.
– აქ ვარ!
– ეს ბოთლი ისევ შენ, ხო?
– კომპთან ვიჯექი და დამავიწყდა რაა
– ახლავე გადი ძიას ბოთლი გამოართვი და ურნაში ჩააგდე.
ბაკო ერიონეს მიუახლოვდა.
– გამარჯობა, დღეს ფეისბუკზე გნახე, მაგრად უკრავ
და ხელი ბოთლისკენ გასწია. ერიონემ ბოთლი გაუწოდა და მისკენ დაიხარა.
– გამარჯობა, ეს ბოთლი თავში მომხვდა, მაგრად ისვრი.
ბაკოს გულიანად გაეცინა. ერიონეც უღიმოდა.
– მაპატიეთ
– უკვე გაპატიე,. ეს ქალი შენი ვინ არის?
– ძიძა, ოღონდ უკვე დედასავით არის.
ციას მათი საუბარი არ ესმოდა და დაბნეული იღიმოდა.

ავტორი მერაბ ჩხაიძე

(გაგრძელება იქნება)

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close