საზოგადოება

„ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს“

ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, მძიმე არის და საერთოდ, ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს, მაგრამ დამერწმუნეთ არანაკლებ მძიმე არის, თუნდაც გარეგნულად მოზეიმე კაცი, თუ მისი გული დაცარიელებულია და იქ თუ ღმერთი არ არის, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ბზობასთან დაკავშირებული მსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების საკითხს.
,,ეს მდგომარეობა ჩვენთვის, როგორც ალბათ ყველასთვის, ძალიან მძიმე არის და ძალიან ძნელია ამაზე ადამიანმა ზედაპირულად ისაუბროს. საერთოდ, ძალიან მძიმე მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბუნებრივია, რომ, როდესაც განსაცდელის ჟამს ადამიანი ღმერთთან ეძებს თავშესაფარს და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის ღმერთის არსებობას, მასთან ურთიერთობას სხვადასხვანაირად აგვარებს თავისი შინაგანი გრძნობებით, რა თქმა უნდა, აი, ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, მძიმე არის და საერთოდ ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს, მაგრამ დამერწმუნეთ არანაკლებ მძიმე არის თუნდაც გარეგნულად მოზეიმე კაცი, თუ მისი გული დაცარიელებულია და იქ თუ ღმერთი არ არის, ამაზე ძალიან სერიოზული საფიქრალი გვაქვს ჩვენც, თქვენც, ნებისმიერ ადამიანს“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლი მრევლს კანონის დაცვას ურჩევს.

,,როგორ შეიძლება, რომ მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს, ეს უკვე თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, ამას გამოაჩენს ის დღე. ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო. მე, პირადად ვერ მოვუწოდებ კანონის დარღვევისკენ, თუ ეს კანონი არანაირად არ ეხება მიზანდასახულად ღმერთის წინაშე გალაშქრებას. კეთილდღეობისკენ თუ არის მიმართული, ეს ერთია, თორემ ჩვენ მაგის გამოცდილებაც გვაქვს როცა იდეურად უპირისპირდებოდნენ ეკლესიას და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მოწამე იყო, თუმცა ჩვენ ისეთი მოწამე ადამიანებიც ვიცით ისტორიაში, რომლებიც თვითონ ეძებდნენ მოწამეობას. ეს თითოეულის არჩევანია, ჩვენ ხომ ღმერთისგან თავისუფალი ნება გვაქვს მოცემული. აქდან გამომდინარე, რამდენად ჩვენი არჩევანი, სწორია, გონივრულია, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლი, აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გასვლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ჩვენთან ეს ტრადიცია არის, სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი განხვავებულია.

,,საერთოდ, სხვადასხვა ეკლესიებში არსებობს განსხვავებული ტრადიციები, ბუნებრივია, და ახლა ეს ტრადიცია ჩვენში ათეიზმის პერიოდიდან მომდინარეობს, გახსოვთ, ადრე კვირა დღეს გადიოდნენ საფლავებზე. შემდეგ ვისწავლეთ, რომ კვირა დღეს არ არის საჭირო, თუმცა კვირა დღესაც გადის ნაწილი. კვირა აღდგომის დღე არის და ეს ზეიმი აღემატება აბსოლუტურად ყველა დღესასწაულს, ახლა ვისწავლეთ, რომ ორშაბათს გავდივართ ხოლმე, სახელმწიფომ ეს დღე უქმედ გამოაცხადა, ჩვენთან ეს ტრადიცია არის, სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში განხვავებული ტრადიციაა, ეს უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული როგორ აცნობიერებს იმას, რასაც ეკლესია ითხოვს. არიან ქრისტიანებში ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ღვთის სჯულის მიხედვით იცხოვრონ და არიან კიდევ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, აქეთ გვასწავლიან რა გავაკეთოთ. ასეთი ადამიანები თანაგრძნობას იმსახურებენ“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close