პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა ცოტა დაგვიანებულია – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა „ცოტა დაგვიანებულია“.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შალვა ნათელაშვილის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპირებს.

„სიმართლე გითხრათ, ჩემი შეფასებით, ცოტა დაგვიანებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი საერთოდ, არცერთხელ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. აქედან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით, ახლა, რატომ? როგორც ვხვდები, ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვთ, შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის ბოიკოტმა არ გაამართლა.

„საერთო ჯამში, ეს ბოიკოტი, თუ საბოტაჟი მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ მიმართულია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის, რომელმაც 2020 თუ 2021 წელს არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა. აქედან გამომდინარე, ეს არის დემოკრატიული კალაპოტიდან ამოვარდნა. ჩვენ სულ ამას ვსაუბრობდით, რომ პრობლემა „ნაციონალური მოძრაობას“ თუ სხვა პარტიებს, რომლებიც მიკედლებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქვთ ქართველ ხალხთან და დემოკრატიასთან, იმიტომ რომ არ აღიარებდნენ არჩევნებს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რაც შეეხება პარლამენტში სხვა პარტიების ყოფნა-არყოფნას, პაპუაშვილის თქმით, ამ შემთხვევაშიც მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა იმას, რომ ისინი პარლამენტში იმყოფებიან არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საკუთარი ამომრჩევლების გამო.

„თუ არ არიან პარლამენტში ამით აზიანებენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ამომრჩევლებს, იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლების ხმა არ იმის პარლამენტში. როცა არ არიან პარლამენტში აზიანებენ თავიანთ ამომრჩევლებს იმიტომ, რომ მათი ხმა არ ისმის. როდესაც ისინი არიან პარლამენტში, წარმოადგენენ საკუთარ ამომრჩეველს. „ქართულ ოცნებას“ ამით არაც არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთან, განმარტა, რომ არ ნანობს, თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close