საზოგადოება

დაპირისპირება იუნესკოს სიის გამო – ვინ სპეკულირებს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით (?!)

“ხელისუფლების ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, უზნეო მცდელობების მიუხედავად, რომ ლექსოს სიკვდილი დაებრალებინათ ნარკოტიკებისთვის, სიმართლეს დაერქვა თავისი სახელი და ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, შეიძლება ცოტა გვიან, შეიძლება ძალიან მალე, დადგება დრო, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევთ 5 ივლისის შემსრულებლებს და დამგეგმავებს, რომლებიც სხედან ზევით, ხელისუფლებაში” – ასე გამოეხმაურა ინგა გრიგოლია  იუნესკოს განახლებულ სიას. 

იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ არის ახალი, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათი განმარტებით, ეს მონაცემები ამ სიაში ივლისიდან არის. „თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით სიას, იქ არის მითითებული, რომ ეს არის ახალი ინციდენტი, რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო დამატებით ელოდება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს. ამის მიხედვით სიაში ფორმულირება, მომხდართან დაკავშირებით, ანუ ინდიკაცია შეიცვლება. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოთხოვილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აღნიშნული ინციდენტის საგამოძიებო დასკვნის მასალები, როგორც კი მივიღებთ, ეს მასალები გადაეგზავნება იუნესკოს, რომლის შემდგომაც იუნესკოს მხრიდან მოხდება ამ მონაცემების განახლება“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარი ნარჩემაშვილმა.

იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავა შეყვანის საკითხს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, იუნესკოს საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. მისივე თქმით, იუნესკოს სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 11 ივლისის ნაცვლად 5 ივლისი შეცდომითაა ჩაწერილი.

„იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადოებამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლითა თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და პასუხს ელოდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო, არ ვიცი, რატომ გამოგრჩათ, 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს და ესეც მიუთითებს, რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. არავის მისცეთ ინტერპრეტაციის საშუალება, ის რაც მოხდა არის ტრაგედია, მიუღებელია ძალადობა, თუმცა გარდაცვალება რომ მიაწეროთ…ეს არასწორია და გამოძიებამაც ამას პასუხი გასცა”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხო არ ვიყავი”,- განაცხადა ლექსო ლაშქარავას დედამ თინათინ კახიძემ.

შეგახსენებთ: UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების განაახლებული  სიის მიხედვით, 2021 წელს სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან
ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა. იუნესკოს სიაში ლექსო ლაშქარავას მკვლელობის თარიღად 2021 წლის 5 ივლისია მითითებული.

“ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა კერძო ტელევიზია ტვ პირველისთვის და იყო ერთ-ერთი იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომლებმაც სერიოზულ დაზიანება მიიღეს 5 ივლისს, ლგბტქ+ აქტივისტებზე თავდასხმის დროს. ძალადობის შიშის გამო გაუქმდა ამ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გასულ წელს იუნესკო აფრთხილებლდა მთავრობებს, დაეცვათ ჟურნალისტები თავდასხმებისგან ისეთ შემთხვევებში, როცა ისინი ტურბულენტურ მოვლენებს აშუქებდნენ” – წერია იუნესკოს ცნობაში ლექსო ლაშქარავას შესახებ.

მოკლული ჟურნალისტების სიაში, რომელსაც იუნესკო ყოველწლიურად აახლებს, საქართველოდან სულ 5 ჟურნალისტია შეყვანილი. სამი მათგანი [გრიგოლ ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი, სტანს ტორიმანსი] 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს დაიღუპა, მეხუთე კი გიორგი სანაიაა, რომელიც 2001 წელს მოკლეს. სია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან ამ დრომდე მოკლულ 1 490 ჟურნალისტს აერთიანებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close