პოლიტიკა

კახა კალაძემ “თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის” ანგარიში წარადგინა

თბილისის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 796 217 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა მოიცავს 2018-2021 წლებს. ამ პერიოდში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5.400.000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. სრულიად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, საგზაო სამუშაოები ფრაგმენტულად ჩატარდა 422 ქუჩაზე.
ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები:
წარსულს ჩაფარდა ინფრასტრუქტურული პროექტების ფასადურად განხორციელების პრაქტიკა;
უკლებლივ ყველა პროექტი გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ვიზუალური ნაწილის მოწესრიგებას, ფუნდამენტურ განახლებას;
სრულად რეაბილიტირდა 900-ზე მეტი ქუჩა, რამდენიმე საკვანძო გამზირი და გზატკეცილი. მათ შორის: კახეთის გზატკეცილი, ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩები, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, კოსტავასა და შარტავას ქუჩები, კანდელაკის ქუჩა, ნოდარ დუმბაძის გამზირი, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთი, სამხედრო დასახლებაში შიდა გზები, ბარათაშვილის ქუჩა, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა;
აშენდა 3 გზაგამტარი და 10 ხიდი რეაბილიტირდა;
კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი;
წყალარინებისა და წყალმომარაგების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა-წყალგაყვანილობის ქსელს 1200-მდე აბონენტი შეუერთდა. წყალარინების ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 1800-მდე აბონენტი;
საყრდენი კედლები მოეწყო 383 მისამართზე;
გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 355 საცხოვრებელ კორპუსს;
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, საიდანაც 74 კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია (მათ შორის: ორბელიანის მოედანი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები, გუდიაშვილის მოედანი).
„ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს ძალიან ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა ჯგუფმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ყველა, მათ შორის,  ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თბილისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა 2017 წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, დამეთანხმებით უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევაა და შესაბამისად, გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი – ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და ბევრია გასაკეთებელი, იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონსა და უბანში ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ის პრობლემები, რომელიც აწუხებს თბილისის მოსახლეობას გადავჭრათ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და გაცილებით კომფორტული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close