Sliderსაზოგადოება

„ეს უზარმაზარი შრომაა, რომელსაც დანახვა უნდა“ – ექსპერტი თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მერიის გაწეულ სამუშაოს აფასებს

„პირველი, რაც გაკეთდა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. ბოლო წლების განმავლობაში მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის ხელი არავის უხლია და ზოგადად, დედაქალაქში ამ კუთხით მძიმე მდგომარეობაა. ჩვენი მიდგომაა მოხდეს განახლება. პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა გაკეთდეს, შემდეგ კი სხვა სამუშაოები, როგორიცაა,  გამწვანება, ქუჩის კეთილმოწყობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ შვიმუშავეთ გააზრებული, თბილისსა და თბილისელებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. ახალი სტანდარტით არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ქუჩის მოასფალტებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ თუ როგორ აისახება რეალობაზე ჩვენი მიდგომები“ – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შესახებ ანგარიშის წარუდგენისას.
ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი წარმატებული  პროექტები განხორციელდა, მათ შორის:
წარსულს ჩაფარდა ინფრასტრუქტურული პროექტების ფასადურად განხორციელების პრაქტიკა;
უკლებლივ ყველა პროექტი გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ვიზუალური ნაწილის მოწესრიგებას, ფუნდამენტურ განახლებას;
სრულად რეაბილიტირდა 900-ზე მეტი ქუჩა, რამდენიმე საკვანძო გამზირი და გზატკეცილი. მათ შორის: კახეთის გზატკეცილი, ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩები, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, კოსტავასა და შარტავას ქუჩები, კანდელაკის ქუჩა, ნოდარ დუმბაძის გამზირი, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთი, სამხედრო დასახლებაში შიდა გზები, ბარათაშვილის ქუჩა, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა;
აშენდა 3 გზაგამტარი და 10 ხიდი რეაბილიტირდა;
კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი;
წყალარინებისა და წყალმომარაგების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა-წყალგაყვანილობის ქსელს 1200-მდე აბონენტი შეუერთდა. წყალარინების ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 1800-მდე აბონენტი;
საყრდენი კედლები მოეწყო 383 მისამართზე;
გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 355 საცხოვრებელ კორპუსს;
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, საიდანაც 74 კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია (მათ შორის: ორბელიანის მოედანი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები, გუდიაშვილის მოედანი).
თბილისის მერიის გაწეულ სამუშაოებს აფასებს ექსპერტი ნიკო კახეთელიძე: „როდესაც ადამიანი კარგ საქმეს აკეთებს, ეს უნდა თქვა. თუ არ დაინახავ და დააფასებ, ყველა ხელს ჩაიქნევს.  ეს უზარმაზარი შრომაა, რომელსაც დანახვა უნდა. გაითვალისწინეთ, რომ იქ სადაც ახალი გზა დაიგო, გლდანში, ქალაქის ცენტრში თუ დიდ დიღომში, ყველგან კომუნიკაციები გამოიცვალა. თავი რომ დავანებოთ სატრანსპორტო თემას, ვაკეში რომ კომუნიკაციები არ გამოცვლილიყო, კატასტროფის წინაშე ვიდექით, იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში, ინერტული მასალა,რაზეც ასფალტი იგება, მთლიანად გამორეცხილი იყო და ქუჩა ასფალტის 5-6 ფენას ეჭირა. გაიხსენეთ სააკაშვილმა რა გააკეთა. სააკაშვილმა ფასადების ღებვა   დაიწყო და კალაძემ დაიწყო მიწაში ჩასვლა ანუ იმის კეთება, რაც არ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს პოპულისტური თემა არაა, მაგრამ სინამდვილეში, მიწისქვეშა კომუნიკაციები ქალაქისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის გული და გულსისხლძარღვები.
მე როგორც ამ დარგის სპეციალისტი, როცა ამას ვაკვირდებოდი, მართალი გითხრათ, მიკვირდა, იმიტომ, რომ კალაძე ძალიან სარისკო ნაბიჯზე წავიდა. სხვა ადგებოდა და ისევ ფასადურად შეღებავდა, პრობლემას დამალავდა და ამით დაამთავრებდა და ახლა ფუნდამენტალურად მოხდა დაფარული, მიწისქვეშა ქალაქის რემონტი და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ახალი ქსელების კეთება და ა.შ.“ – აცხადებს „პროგრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close