სამართალი

“თითქოს ყოფილი მამამთილი ძალადობდა ჩემზე არის ცრუ ინფორმაცია“ – რას ყვება ქალი, რომლის შვილმაც, სავარაუდოდ, მამა და ბაბუა დანით მოკლა

28 წლის კაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

მეზობლების განცხადებით, მოტივი და მიზეზი, შესაძლოა, ძალადობა იყოს. სავარაუდო დამნაშავის ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა რძალზე. ადგილობრივები ახალგაზრდა კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს დედის დაცვით ხსნიან.

თუმცა, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ქალი მეუღლესთან დაშორებული იყო და შვილს მამა და ბაბუა ზრდიდნენ.

“თითქოს, ჩემი ყოფილი მამამთილი ძალადობდა ჩემზე, ეს არის ცრუ ინფორმაცია. ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როცა ჩვენ დავშორდით, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე, მათ დაიტოვეს ეს ბავშვი, იმიტომ, რომ უნდოდათ მათნაირი გაზრდილიყო. ვიტყვი იმას, რომ არასწორად ცხოვრობდნენ ეს კაცი და ჩემი ყოფილი მეუღლე და ეს ბავშვიც არასწორად გაზარდეს. გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება. ციხეში რამდენჯერმე მოხვდა. დაენგრა ფსიქიკა, გამოვიდა და ჩაიდინა ეს. ბავშვი მათთან იმიტომ დარჩა, რომ არ გამომატანა მამამთილმა და მითხრა, მე ეს ჩემთან უნდა გავზარდო, ჩემნაირი ვაჟკაცი უნდა იყოსო. მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეწყობოდით, პირდაპირ გეტყვით, ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა და ოჯახში არ იყო. მე ვეწინააღმდეგებოდი იმის არასწორ ქმედებებს, საქციელს ბავშვთან მიმართებაში, რომ ცოტა სხვაგვარდ ზრდიდა, ამის გამო იყო ჩემ მიმართ გინება. სხვა არანაირი მიზეზი არ არის. გიორგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე კომუნიკაცია არ მქონია. არ ვიცი, რა მოხდა. რატომ ჩაიდინა, არ ვიცი. გიორგი დაიჭირეს ყაჩაღობისთვის, მკვლელობებსა და რაღაცებზე, სამჯერ იყო ციხეში, სულ 14 წელი გამოვიდა”, – განაცხადა სავარაუდო დამნაშავის დედამ.

არსებული ინფორმაციით, მუხრანში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close