ეკონომიკა

„გაქცეული“ ლარი და ძვირი ხორბალი – მთავრობა პურზე ფასის შენარჩუნებას ცდილობს

მთავრობა პურზე ფასის შენარჩუნების გზებს ეძებს. თუ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი გაიზარდა და ლარის დასტაბილურება ვერ მოხერხდა, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირების რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს და თითქმის ყოველ კვირას პურის ინდუსტრიის წამომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანლის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, განიხილება როგორც ხორბლის იმპორტიორების – ასევე, წისქვილკომბინატებისა და უშუალოდ პურის ქარხნების სუბსიდირება. რომელ ვარიანტზე ჩამოყალიბდება მთავრობა, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ქარხნების სუბსიდირება გადაწყტება კილოგრამ პურზე, მთავრობა 10 ან 20 თეთრის გადახდას ვარაუდობს. გააჩნია, როგორი იქნება ლარის კურსი დოლართან მიმართებით.

წისქვილკომბინატების შემთხვევაში, სუბსიდირება 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შესაძლოა, 2 ან 3 ლარი იყოს. რაც შეეხება იმპორტის სუბსიდირებას, სილაგავას თქმით, ამ შემთხვევაში შესაძლოა, მიმდინარე წლის მარტში გამოყენებული სქემა ამოქმედდესა, ანუ 1 ტონა ხორბალში მთავრობა იმპორტიორებს, სავარაუდოდ, 40 დოლარს გადაუხდის. სუბსიდირების მოცულობა ამ შემთხვევაშიც ლარის კურსზეა დამოკიდებული. განიხილება ასევე ხორბლისა და პურის ინდუსტრიისთვის გარკვეული გადასახადების შემცირებაც.

როგორც სილაგავა „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე 1 ტონა ხორბალი საერთაშორისო ბაზარზე 240-245 დილარი ღირს და ყოველწლიურად საქართველო, დაახლოებით, 600-700 ათას ტონას ხორბალს მოიხმარს. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარს ხორბლით 114 იმპორტიორი ამარაგებს, საიდანაც 15 მსხვილი კომპანია, რომლებსაც ხორბალი, ძირითადად, გემებით შემოაქვთ.

რაც შეეხება წისქვილკომბინატებს. სილაგავას თქმით, მოცემული მომენტისათვის ბაზარზე 20 მსხვილი წისქვილკომბინატი და დაახლოებით 100 -მდე შედარებით მცირე კომპანია ოპერირებს. იმპორტირებული ხორბლის ძირითადი წილი რუსეთზე მოდის, ხოლო ადგილობრივი წარმოებას ბაზრის მხოლოდ 10-12 % უკავია. 2019 წელს რუსეთის გარდა 80 ათასი ტონა ხორბალი ყაზახეთიდან, ხოლო 30 ათასი ტონა აშშ-დან შემოვიდა.

„კვირა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close