სამართალი

დაკავების დროს სამართალდამცავებს ხელყუმბარა ესროლა – ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბ.ლ.- მ შატალოვას იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულმა დანაშაულის შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვა, რომელსაც ბ.ხ. მართავდა და მას ჩადენილის შესახებ მოუყვა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული მის საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს, ჩხრეკისას კი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

“აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ., რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.

პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო.

ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს. პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე – ლ.რ.-მ. პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close