სამართალი

არ იყო მარტივი გადასაწყვეტი, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ეს ადამიანი ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებს ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ესაუბრა.

„ძალიან მძიმე დღე იყო ყველასთვის, ჩვენთვის, მძევლებისთვის, რომლებიც შენობაში იყვნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო – ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც პრემიერთანაც იყო შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად არავინ დაშავებულიყო. ეტაპობრივად უშვებდნენ – ჯერ 14, მერე 7 კაცი, 9 და ასე შემდეგ. შევთავაზეთ, გამოგყვებით 5, 10 კაცი, რამდენიც გინდა, მან უარი გვითხრა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე – მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. არ იყო მარტივი საქმე და არც ჩემთვის იყო მარტივი გადასაწყვეტი, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ეს ადამიანი ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა, არავინ იცოდა. ბატონ ავთოს ერთი წამითაც არ უთქვამს უარი. კი იცით, რაც მოხდა – წაიყვანა მძევლებიც, სამ მძევალთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობდნენ, რომ მომალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close