მსოფლიო

„ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა „ომიკრონი“ შტამი უფრო გადამდები სხვა ვარიანტებთან შედარებით” – ჯანმო განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

„ომიკრონი“ ვარიანტის სიმძიმის დონის გაგებას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა „ომიკრონი“ შტამი უფრო გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით. აღნიშნული ვარიანტით დაზარალებული სამხრეთ აფრიკის რაიონებში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა ამის მიზეზი „ომიკრონი“ შტამი თუ სხვა ფაქტორები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ შტამით ინფიცირება უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით.

„წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა „ომიკრონით“ ინფიცირების შედეგად. ამჟამად არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული სიმპტომები სხვა ვარიანტების სიმპტომებისგან განსხვავდება. „ომიკრონი“ ვარიანტის სიმძიმის დონის გაგებას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება. კორონავირუსის ყველა ვარიანტს, მათ შორის „დელტა“ ვარიანტს, რომელიც დომინანტურია მთელ მსოფლიოში, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დაავადება ან სიკვდილი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ადამიანების ჯგუფში და, შესაბამისად, პრევენცია ყოველთვის მთავარი ფაქტორია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button