Sliderსაზოგადოება

“მეწყრის შეჩერება შესაძლებელია” – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ვაშლიჯვრის დამეწყრილ ტერიტორიას შეისწავლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგის ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტმა  ვაშლიჯვრის მეწყრის შესწავლა დაიწყო.
თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალწარმოქმნილ მეწყრულ სხეულზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები იმყოფებოდნენ. მათ მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა მეწყრის ტერიტორიის დრონით გადაღება და გაშიშვლებებისა და რღვევის სიბრტყეების ფოტოგრაფირება, მეწყრის სხეულის გადაადგილებისა და ახალი ბზარების დაფიქსირების მიზნით. გაიზომა ქანების,  ქვიშაქვებისა და არგილიტების წოლის ელემენტები, აღებულია ნიმუშები ქანების
ლითოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების დასადგენად.
“გაშიშვლების გარკვეულ უბნებზე თვალნათლივ დაიკვირვება ძველი რღვევები, მეწყრის სხეულზე კი ახალი ნაპრალები განვითარებულია გზის ზედა მხარეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორია საკმაოდ რთული ლითოლოგიური შედგენილობითა და ტექტონიკური პირობებით ხასიათდება, ასეთივე რთული აგებულებისაა თბილისის ტერიტორიაც, რომლის ცალკეული პატარა უბნებიც კი განსხვავებული
ლითოლოგიით, სტრუქტურითა და ტექტონიკით ხასიათდება. ამის გამო, აუცილებელია ნებისმიერი ნაგებობისა თუ კომუნიკაციის ასაშენებლად კომპლექსური გეოლოგიური კვლევების ჩატარება. გასათვალისწინებელია ქანების ლითოლოგიური შედგენილობა, მათი განსხვავებული ქმედება, ქანების გამოფიტვა და წყალთან ურთიერთქმედება, რაც საინჟინრო- გეოლოგიურ დასკვნაში უნდა აისახოს. უწყლო ხევის გარკვეულ უბნებზე კარგად ჩანს ძველი, ათასწლეულების წინ განვითარებული მეწყრის ენები, რაც უწყლო ხევის მეანდრული ფორმითა და გეოგრაფიული ხასიათით მტკიცდება, ისინი ამჟამად წონასწორობაშია. ახლად წარმოქმნილი მეწყრის სხეული სწორედ ამ ხევის მიმართულებით მიცოცავს” – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ფოფორაძე.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, ისინი საველე მონაცემების გაცნობამ და სხვადასხვა უწყების გეოლოგებთან, გეოფიზიკოსებთან აზრთა გაზიარებამ გარკვეულ მოსაზრებამდე მიიყვანა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მეწყრული სხეული დინამიკაშია, გარკვეულ უბნებზე აუცილებელია მიწის მასის მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს მეწყრის სხეულზე: “ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ შემაკავებელი კედლის მოწყობაზე გზისა და ხევის მიმართულებით, თუმცა ზუსტი რეკომენდაციებისათვის ჯერჯერობით არ არის საკმარისი მონაცემები, აუცილებელია
თანამედროვე მონიტორინგის სისტემის, საველე სამუშაოების, კომპლექსური ლაბორატორიული კვლევითი სამუშაოების ჩატარება. გამოთქმული მოსაზრება, მეწყრის ცოცვის ზედაპირის სიღრმის 12 თუ 18 მეტრიანი მაჩვენებლის შესახებ დასაზუსტებელია”.
ნოდარ ფოფორაძის განცხადებით: “საველე სამუშაოები განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დოქტორანტებისათვის, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ლაბორატორიულ სამუშაოებშიც. ისინი დაესწრნენ მეწყრის სხეულზე მიმდინარე გეოფიზიკურ სამუშაოებს (სეისმური პროფილირება, ელექტრომაგნიტური), რომლებსაც თსუ-ს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლები ახორციელებდნენ, ასევე ბურღვით სამუშაოებს, რომელიც სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გეოლოგების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. მეწყერს მრავალი გეოლოგი იკვლევს, საველე პირობობებში მრავალ მათგანს გავესაუბრეთ. მათი უმეტესობა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულია ან ამჟამად სწავლობს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სწორ მიმართულებაში, მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სხვადასხვა მიმართულების გეოლოგების მომზადება”.
მეცნიერების აზრით, საველე სამუშაოების პროცესში დაკვირვებით, სპეციალისტებთან გასაუბრებით, ფოტომასალის დათვალიერებით, რომელიც ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურებას ქრონოლოგიურად ასახავს: “ცალსახად ნათელია, რომ მეწყრული სხეული დინამიკაშია, წარმოქმნილია ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად, თუმცა მეწყრის შეჩერება შესაძლებელია, რასაც გარკვეული კომპლექსური სამონიტორინგო, საველე და ლაბორატორიული სამუშაოების საფუძველზე დაასაბუთებენ. მით უმეტეს, რომ ამ ტიპის კვლევითი და საინჟინრო სამუშაოები სხვადასხვა დროს განხორციელებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ.
ვფიქრობთ, გავაგრძელოთ სამუშაოები, რომლებიც კონკრეტულად ამ მეწყრის მახასიათებლებიდან გამომდინარე, საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ სანდო საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მეწყრული სხეულის წონასწორობის დამყარებასა და, ზოგადად, პრობლემის მოგვარებას. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ არის კატასტროფული და მისი გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია უცხოელი სპეციალისტების ჩარევის გარეშეც. მეწყრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა კი უნდა დავამშვიდოთ, მათ საცხოვრებელ სახლებს საშიშროება არ ემუქრება. ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მრავალფეროვანი სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა ხორციელდება, მაგრამ ერთიანი სტრატეგიის არარსებობის გამო, ჯერ კიდევ არცთუ იშვიათია არაკვალიფიციურად შესრულებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომლებმაც გარკვეული ზიანი უკვე მიაყენა ან მომავალში მიაყენებს ადამიანებსა და გარემოს. კვალიფიციურად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შესრულებული სამუშაოები მინიმუმამდე შეამცირებს ამ ტიპის პრობლემებს, მით უმეტეს, თუ ისინი წარიმართება პროფესიონალების მიერ წინასწარ წარმოდგენილი კვალიფიციური დასკვნების გათვალისწინებით. მეწყრული პროცესი განვითარებულია ასევე მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზის მიმდებარე ფერდობზეც, რაც ასევე გზის გაყვანის შედეგად არის გამოწვეული” – აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close