Sliderსაზოგადოება

კახა კალაძე: „შეუძლებელია სიცოცხლის სავსე ქალაქის შენება, გარემო თუ არ იქნება დაცული“

თბილისის მერმა საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

„2017 წელს, როცა მერის არჩევნებისთვის მიმდინარეობდა მზადება ერთ დიდ პრობლემას შევეჩეხეთ – თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობა. საკითხის შესწავლისას ცხადი გახდა მარტივი ჭეშმარიტება, თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისეთი გვიანი იქნებოდა, რომ ნებისმიერი რეფორმა, ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი წყალში ჩაიყრებოდა. არჩევნებამდე მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის ნიშნულები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გაგვეხორციელებინა, რადგან შეუძლებელია სიცოცხლის სავსე ქალაქის შენება, თუკი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი სტანდარტები არ იქნება დაცული. ჩვენ გვსურდა შეგვეცვალა დედაქალაქში ამ კუთხით არსებული მიდგომები, რაც კომპლექსური ნაბიჯების გადადგმასა და მასშტაბური რეფორმების განხორციელებას მოითხოვდა. დღეს ნამდვილად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ 2017 წელთან შედარებით, რაც იყო წლების წინ, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა:დღეს, დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს.
განვლილი წლების განმავლობაში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, თბილისში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება.
შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ხორციელდება ეფექტიანი კონტროლი.
დაიწყო ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე. დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი- „თბილისის მებაღე“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ნიადაგის მომზადება, მწვანე ნარგავების დარგვა/გადარგვა, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა, ნარგავების სხვლა-ფორმირება, სანიტარიული ჭრა და ფიტოსანიტარია.
დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი, ხოლო ფიტოსანიტარული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 ნარგავს.
500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო ბალახი.
40 000 კვადრატულ მეტრზე განხორციელდა ნიადაგის მულჩირება.
სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოიჭრა 70 000 დაავადებული ფიჭვის ხე.
მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს.
20 ჰექტარ ფართობზე მოეწყო ტყე და დაირგო 30 000 მწვანე ნარგავი.
მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკვერს, 15 პარკსა და 60 გამყოფ კუნძულს. მოეწყო და განახლდა 100 ჰა სარეკრეაციო სივრცე და 12 მწვანე კუნძული.
მიმდინარეობს ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობა, რიგის პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საქალაქო მნიშვნელობის რეკრეაციული ზონის, ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close