საზოგადოება

“წინა წლებში არასწორად ხდებოდა დედაქალაქის ტერიტორიების გაცემა, მოგვიწევს მათი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსყიდვა”

დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
“პროგრესნიუსი” კომენტარისთვის დაუკავშირდა თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს მერაბ ბოლქვაძეს:
_ გენერალური გეგმის ძირითადი კონცეპტუალური ხედვა ლანდშატისა და თავისუფალი სივრცეების დაცვა გახლდათ. ქალაქის იდეაც აქედან მომდინარეობს, რომ ქალაქებმა და დასახლებულმა პუნქტებმა გარემოზე რაც შეიძლება ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ. ამ თვალსზრისით, ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა, მათ შორის, თავისუფალი სივრცეების დაცვისა და განვითარების თვალსაზრისით. აქ საუბარი მარტო დაცვაზე არ არის, უნდა განვითარდეს კიდეც. ჩვენ ვხედავთ, რომ თავისუფალი არეალების დაცვისა და განვითარების გადაწყვეტილება ბევრმა ევროპულმა ქალაქმა მიიღო. ადამიანებმა რამდენიმე ათეული წელია, ბუნება ქალაქიდან გააგდეს, ამიტომ მოწინავე ქვეყნებმა კარგა ხანია დაიწყეს მისი ქალაქში დაბრუნება. ჩვენ ბევრი სამწუხარო პრეცენდენტები გვქონდა: გადავხურეთ მდინარეები და მდინარეთა კალაპოტებში მშენებლობა დავიწყეთ, გეოდინამიკური საფრთხეებისა და სანიტარული დაცვის არეალებშიც მშენებლობა გავაჩაღეთ.
_ სანიტარული დაცვის ზონები ახსენეთ.. მერიის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე შეიქმნა სანიტარული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება
_მოგეხსენებათ, რომ თბილისის ზღვა ქალაქისთვის სასმელი წყალია. მოსახლეობის 30-35% თბილისის ზღვის წყალს მოიხმარს, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში, ამიტომ ამ თვალსაზრისით მას აუცილებლად დაცვა სჭირდება. თბილისის ზღვას აქვს სანიტარული ზონები, მაგრამ სამწუხაროდ,ნაკვეთები ისეთ ტერიტორიებზეა გაცემული, სადაც მშენებლობა დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, სწორედ ასეთი არეალებია დასაცავი.
გენერალურ გეგმაში მდინარეების კალაპოტების დაცვა და დახურული მდინარეების გახსნის კონცეფციაც იყო ჩადებული და ამ მიმართულებით რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. გვახსოვს, რომ ადრე მოსახლეობა ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობის გამო. ყველა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ასეთი პრეტენიები ნაკლებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ რამდენიმე გაბედული და მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადაიდგა ტერიტორიის მონაცვლეობის და გამოსყიდვის მიმართულებით – ვაკის პარკში სასტუმრო შენდებოდა და ტერიტორიის მონაცვლეობა მოხდა,  იპოდრომის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცეში მშენებლობის ნებართვა არსებობდა და ჩააანაცვლეს, „ოქროს უბანში“, რეკრეაციულ სივრცეში დამტკიცებული იყო უკვე პროექტი და მონაცვლეობა მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებიც გააქტიურდნენ და თავისუფალ არეალებს იცავენ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასე, რომ ლანდშაფტისა და თავისუფალი არეალების დაცვა გენერალური გეგმის კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
_ გარემოს დაცვის პოლიტიკაში არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტიეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკის შექმნა, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე.
_ ბუნებრივია, ამ ხედვას ესადაგება საჯარო ტრანსპორტის განვითარების კონცეფცია „კარგად შეკავშირებული ქალაქი“. ჩვენ თუ გაცილებით უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვინდა, საჯარო ტრანსპორტი უნდა განვავითაროთ. ამით გადარბენები შემცირდება, გამონაბოლქვი ნაკლები იქნება და ბუნებრივია, ქალაქში ეკოლოგიური სურათი გაუმჯობესდება.
_ ლანდშაფტის დაცვასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ რას გვეტყვთ?
_ თბილისში არსებული მთების, ფერდობებისა და მდინარეების ლანდშაფტის დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვიცით, რომ პარიზმა სენის ნაპირები რეკრეაციულ სივრცედ გადააქცია, ბილბაოში და კიოლნში მდინარეზე ძალიან ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნა. შესაბამისად, ჩვენც უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა მარტო რეკრეაციული არეალების შექმნა, არამედ თვითონ მდინარის გასუფთავებაც. სამწუხაროდ, მტკვარს დაბინძურების ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ მარტო ქალაქის ფარგლებში გასუფთავება არ ყოფნის. მცხეთაში სამწუხაროდ, 17 ფეკალური ჩაღვრის წერტილია და გამწმენდი ნაგებობა არ აქვს. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მოსახლეობას საჯარო რეკრეაციულ სივრცეებზე წვდომა უნდა ჰქონდეს და მდინარესთან მისვლა შეეძლოს, ბუნებრივია ის სუფთა უნდა იყოს და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ვიცით, ჩვენ რომ მტკვარი ჯებირებშია მოქცეული, ორივე მხრიდან სამზოლიანი მაგისტალები აქვს და მასთან მისვლა შეუძლებელია, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემორჩენილია ლანდშაფტული სახით დიღმის ჭალის არეალები და ფონიჭალის მიდამოები. სწორედ ეს ლანდშაფტური სახით უნდა შევინარჩუნოთ, შეცდომა, რომელიც ცენტრალურ ადგილებში დავუშვით აღარ გავიმეოროთ და საქალაქო პარკები ისე დავაგეგმაროთ, როგორც გენერალურ გეგმაშია მითითებული. ამისთვის აუცილებელია, ამ ტერიტორიის კონტურები უფრო დიდ მასშტაბში განისაზღვროს და ტესტირება დაიწყოს. დიღმის ჭალების პატარა მონაკვეთზე პროექტი შედგა, მაგრამ ის გასავრცელებელია. ძალიან საინტერესო, ლანდშაფტური კუნძულებია და შეიძლება ძალიან კარგი საქალაქო პარკების მოწყობა როგორც ერთ, ისე მეორე არეალში.
_ ისევ იმ პრობლემაზე გკითხავთ, რომელიც მერიას ასეთი პროექტების განხორციელებაში ხელს უშლის.  რა ეშველება უკვე გასხვისებულ ტერიტორიებს და შეუფერებელ ადგილზე დაწყებულ მშენებლობებს.. ამის გამოსწორება რამდენად შესაძლებელია?
_ ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა და ქალაქი, რომ ტრაქტორებით მივაგდეთ და დავანგრიოთ, მაგრამ შემდეგ ქალაქგეგმარებაში რომ რაღაც შეცდომა მოხდება, მთავარია, მისი შეფასება მოხდეს. ამ შეფასებით უნდა ვიცოდეთ, რომ იმ ადგილებში, სადაც ჯერ არ გაგვიფუჭებია, მსგავსი რამ არ ჩავიდინოთ.  შეცდომის აღიარება არის წინაპირობა, რომ შემდეგი აღარ დავუშვათ, მაგრამ იქ, სადაც მოხდა ზედმეტი გამჭიდროვება და დაირღვა საცხოვრებელი პირობები, მაგალითად, ყიფშიძის ქუჩის არეალში, მცხეთის ქუჩაზე, სპორტის სასახლის მიმდებარე სიბრტყეებზე, ქალაქგეგმარების საშუალებებით უნდა ვიფიქროთ კომპენსაციაზე. რით შეიძლება შევამსუბუქოთ ეს მდგომარეობა, როცა სხვა გზა აღარ არის? მაკომპენსირებელ ღონისძიებებში შედის ის ღონისძიება, რაც მერიამ სპორტის სასახლის მარჯვენა მხარეს განახორციელა. კერძოდ, ბარაკული ტიპის ნაკვეთი გამოისყიდა და იქ პატარა სკვერი გააკეთა. ასეთ არეალებში საგანმანათლებლო დაწესებულებების და სოციალური ობიექტების ნაკლებობის პრობლემაც არსებობს და გენერალურმა გეგმამ  ასეთი არეალები გამოავლინა, სადაც სკოლა, საბავშვო ბაღი და მსგავსი ობიექტები უნდა განთავსდეს. აქაც ქალაქს გარკვეული დანახარჯების გაღება დასჭირდება. რას ვიზამთ, როდესაც წინა წლებში არასწორად ხდებოდა ტერიტორიების გაცემა, მოგვიწევს მათი ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსყიდვა და მოქმედება. სხვა გზა არ არის.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close