ევროკავშირის ინიციატივით, ყველა ტელეფონი ერთი ტიპის დამტენით დაიტენება
ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა ახალი წესები, რომელთა თანახმადაც, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის, უნივერსალური დამტენი მოწყობილობა შექმნან, – ამის შესახებ BBC წერს.
ინიციატივის მიზანია, შემცირდეს ნარჩენების მოცულობა – მომხმარებლებს, მოწყობილობის ყიდვისას, ახალი დამტენის შეძენა არ მოუწიოთ და უკვე არსებული, უნივერსალური დამტენით სარგებლობა შეძლონ.
წინადადებას გამოეხმაურა Apple-ი. ტექნოლოგიური გიგანტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ინოვაციურ მიდგომას დააზიანებს.
დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს სმარტფონების, ტაბლეტების, კამერების, ყურსასმენების, პორტატული დინამიკებისა და ვიდეოთამაშების კონსოლების უნივერსალურ დამტენი მოწყობილობის შექმნას.
Apple-ის ზოგიერთი მოწყობილობა, მაგალითად, iPad Pro და Mac ლეპტოპები USB-C ტიპის დამტენებს იყენებს, iPhone-ი კი – Lightning-ს.