Slider

TV პირველის სიუჟეტი არის დემაგოგია, ცინიზმი, ამას აკეთებენ ჩვენს ხარჯზე, თითქოს თბილისელების უფლებებს იცავენ – პაატა ზაქარეიშვილი დაუსრულებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის შესახებ

თურმე, ვიღაც თბილისელებს, ვიღაც თბილისელები ართმევენ რაღაცას და 30 წელია რომ ველოდებით საკითხის გადაჭრას, ვალის დაბრუნებას ხმა არ ამოუღია არავის

„უსინდისო, მიკერძოებული სიუჟეტი. მათ არაფერი ილაპარაკეს სახელმწიფოს ვალდებულებებზე. ამ სიუჟეტით რაც იკადრეს, არის დემაგოგია, ცინიზმი და ამას აკეთებენ თბილისელების ხარჯზე, თითქოს თბილისელების უფლებებს იცავენ. სირცხვილია!“ – ასე შეაფასა „პროგრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტი.

სიუჟეტი ეხებოდა დაუსრულებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისათვის მიწის გადაცემის საკითხს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ მიწა ერთ ლარად მერიამ გადასცა ვალერი გელაშვილის კომპანიას.

პაატა ზაქარეიშვილი 4500 დაზარალებულთაგან ერთ-ერთია, ვინც გასული საუკუნის 80-იან წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა შეიტანა.

„ჩვენ გავყიდეთ ყველაფერი ბინა რომ აგვეშენებინა, შევიტანეთ თანხა და უკვე 30 წელია ველოდები ამ ბინის გადმოცემას, ვალის დაბრუნებას. 4 შვილი მყავს, ტანი რომ დავიბანოთ, პალტო უნდა ჩავიცვათ, ეზოში გავიდეთ და შევიდეთ აბაზანაში“ – აცხადებს „პროგრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

_ ის რაც კეთდება დაუსრულებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისათვის არის ძალიან კარგი. მე, ისევე, როგორც სხვები, 30 წელია ველოდები გადაწყვეტილებას, დაგვიბრუნონ  ჩვენი კუთვნილი თანხა, ან მოგვცენ ქონება, რომელიც ვიყიდეთ 30 წლის წინ. ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ იმისათვის, რომ ბინა აგვეშენებინა. სამარცხვინო არის ის, რომ საბჭოთა კავშირმა რაღაცა შემოგვთავაზა და დღემდე დემოკრატიული საქართველოს ვერც ერთმა მმართველმა ვერ მოახდინა ამის რეალიზაცია, გარდა „ქართული ოცნებისა“. ვერც შევარდნაძემ, მოქალაქეთა კავშირის დროს. ვერც სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დროს. პირიქით, გვაჭრიდნენ და გვაჭრიდნენ ფართებს. კომუნისტები 110 კვადრატულ ბინას მაძლევდნენ იმ ფასში, რაც გადავიხადე, დღეს კი 78 კვადრატული დამრჩა.

როგორც იქნა, სახელმწიფომ აიღო ვალი თავის თავზე და ასრულებს. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ ჩვენს ბინებს, რაშიც დიდი ხნის წინ გადავიხადეთ ფული. როცა ვიღაც-ვიღაცეები ლაპარაკობენ, რომ თითქოს სახელმწიფო ვიღაცას რაღაცას უფასოდ აძლევს, ეს არის ზღაპარი. სახელმწიფო აბრუნებს იმ თანხას, რომელიც ბიუჯეტში ჩავრიცხეთ.

როგორც იქნა, „ქართულმა ოცნებამ“ ამას თავი მოაბა, ჯერ კიდევ „კოალიცია ქართული ოცნების“ დროიდან დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და როგორც იქნა, სახელმწიფომ იპოვა გამოსავალი.

შევარდნაძეს ფული რომ ჰქონოდა, ალბათ დაიწყებდა გადახდას, არც ნაციონალური მოძრაობის დროს დაუბრუნეს ხალხს ვალი. მიზეზი? – შევარდნაძის დროს იყო ტოტალური კორუფცია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ელიტური კორუფცია.

ჩვენი მოპასუხე არის არა ფირმა, არა კომპანია, არამედ სახელმწიფო. სახელმწიფოა ჩვენს წინაშე ვალდებული და კეთილი უნდა ინებოს და შეასრულოს ვალდებულება. მადლობა ღმერთს, ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორც იქნა.

_ ბატონო პაატა, ამ რთულ, 30 წლიან გზაზე იყო შევარდნაძის დროს პერიოდი, როცა ჯერ საშინაო ვალად იქნა აღიარებული, შემდეგ კი დაიწყეს გადახდა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეწყდა, ასე ვთქვათ,  ეს პროექტი. 2010 წელს კი დაზარალებულებს  დირსის მიწები შესთავაზეს, ეს იყო წინასაარჩევნოდ. არჩევნების შემდეგ დაზარალებულებისათვის გადაცემული მიწები აზერბაიჯანელებს მიჰყიდეს. იყო საპროტესტო აქციები. ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებულს სპეცრაზმმა თავი გაუტეხა, რის გამოც მას სიმსივნე განუვითარდა და გარდაიცვალა.

_ დიახ, კი, შეეხო ვიღაცეებს შევარდნაძის დროს. მიწებთან დაკავშირებით, არ ვიცი სააკაშვილის დროს რა მოხდა. მე ვიცი, რომ სახელმწიფოა ჩემს (ზოგადად, დაზარალებულების) წინაშეა ვალდებული და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, სხვას არ გაუკეთებია არაფერი. „ქართული ოცნების“ ძალიან მკაცრი კრიტიკოსი ვარ, მაგრამ  წინა ხელისუფლების ვალდებულებას ასრულებს და არ შეიძლება დაინახო მხოლოდ ცუდი და არ დაინახო კარგი.

_ მთავრობის გადასახდელს იხდის თბილისი მერია, თორემ სხვა ქალაქებშიცაა იგივე პრობლემა.

_ დიახ. ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მერიამ რომ აიღო თავის თავზე. კალაძე როდესაც პირველად გახდა მერი, მაშინ აიღო ვალდებულება და დაიწყო ამ საკითხის მოგვარება. ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ აგრძელებს. მოაგვაროს, დრო არაა ჩემთვის პრობლემა.  30 წელია ველოდებით ჩვენ ამ ვალის დაბრუნებას, ბინებს. თბილისელები მიწებს იღებენო, რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ფული გვაქვს გადახდილი, კეთილი ინებონ მავანთ და წესიერად გააშუქონ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ არავინ არაფერს გვჩუქნის, გვაძლევენ საკუთარს და ეს კარგია, გვეღირსა როგორც იქნა.

_ აქცენტი გადატანილია კერძო კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემულ მიწებზე.

_ უსინდისო, მიკერძოებული იყო ეს სიუჟეტი. მათ არაფერი ილაპარაკეს სახელმწიფოს ვალდებულებებზე და იმაზე, რომ კომპანიას მიწა დაზარალებულებმა გადასცეს. თურმე,  ვიღაც თბილისელებს, ვიღაც თბილისელები ართმევენ რაღაცას და 30 წელია რომ ველოდებით ამ საკითხის გადაჭრას, ხმა არ ამოუღია არავის. კეთილი ინებონ და გააკეთონ ობიექტური გადაცემა. ჩვენი მოპასუხე ფირმა არაა, სახელმწიფოა. ჩვენ ვალის დაბრუნებას ველოდებით და სახელმწიფო როგორ მოაგვარებს ამ საკითხს, მისი გადასაწყვეტია. მე უნდა ჩამაბარონ ის, რაშიც ფული გადახდილი მაქვს.

_ ეკონომისტები და მშენებლები, ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ის თანხა რაც თქვენ, დაზარალებულებმა კომუნისტების დროს გადაიხადეთ, დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. მშენებლებმა გვითხრეს, რომ ისინი ამ პროექტში არ ჩაერთვებოდნენ და რომ აშენება უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე 1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთია.

_ მე რომ თანხა გადავიხადე კომუნისტების დროს, ის ფული ახლა რომ გადმოიყვანონ შესაბამისი კურსით, გაცილებით მეტი მაქვს გადახდილი, ვიდრე მიბრუნებენ. იმ ფულით რაც მე მაშინ გადავიხადე 110 კვადრატული მეტრი მეკუთვნოდა, ზღვის უბანში მომცეს, ახლა ჩინური დასახლება რომ არის, იქ. დამიბრუნონ 110 კვ.მ. ფული და მე თავად ვიყიდი ზღვის უბანში ბინას. 72 კვადრატულზე ვარ თანახმა, ოღონდ სადმე ამიშენონ. რაც ეხება თქვენს კითხვას, დიახ, ასეა, გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა გაცილებით მეტი გვაქვს გადახდილი თავის დროზე სახელმწიფოსთვის. გავიმეორებ – დამიბრუნონ ფული, მე პრობლემა არა მაქვს და თავად ვიყიდი. ამ სიუჟეტით რაც იკადრეს, არის დემაგოგია, ცინიზმი და ამას აკეთებენ თბილისელების ხარჯზე, თითქოს თბილისელების უფლებებს იცავენ. სირცხვილია!

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close