Sliderრეგიონები

30 წელი გრძელდება ეს ძარცვა, ძარცვა კი არა, ცხვრის პარსვა, მგლისგან და მგლისფერი ძაღლისგან… – გაზეთი “საადგილმამულო”

კომპანია ლუქსემბურგშია დარეგისტრირებული. მაღაროების გარდა ეს კომპანია ზესტაფონის ფეროშენადნობს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურს და კლინიკა "ფერომედს" ფლობს. კომპანიის სათაო ოფისი ამერიკაში, ფლორიდის შტატშია, მაიამში, და ეს კომპანია, რომელსაც მილიარდიანი ბრუნვა აქვს, და ჩვენი წიაღისეულიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რომ გააქვს მამასისხლის ფასად, ჭიათურის მაღაროელებს კაპიკებს უხდის.

ნანა ჩალიგავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს გაზეთის –  “საადგილმამულო”,  სტატიას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,მე-4 დღე კი არა, უკვე ერთი კვირაა,
3 ათასზე მეტი მაღაროელია ჭიათურაში გაფიცული.
ან აქამდე რას ელოდებოდნენ?
და კიდე მთავრობის იმედზე ვართო?
რომელი მთავრობის? რომ იყო, რომ არის, თუ აწი რომ მოვა?
კი მაგრამ მთავრობებმა არ ჰქნეს ეს ყველაფერი?,
იმ ყაჩაღური პრივატიზაციით, ქვეყნის წიაღისეული, მიწები, საწარმოები, სტრატეგიული ობიექტები კაპიკებში რომ ჩაუგდეს ხელში ფულის ტომრებს?
30 წელი გრძელდება ეს ძარცვა,
ძარცვა კი არა, ცხვრის პარსვა, მგლისგან და მგლისფერი ძაღლისგან.
ჭიათურის მაღაროებსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს პარსავდნენ, მერე ნაცების დროს და 2013 წლიდან კი მისი 100% წილის მფლობელი ” ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი” გახლავთ.
მფლობელი იცვლება, თორე სისტემა კი არა.
კომპანია ლუქსემბურგშია დარეგისტრირებული.
მაღაროების გარდა ეს კომპანია ზესტაფონის ფეროშენადნობს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურს და კლინიკა “ფერომედს” ფლობს.
კომპანიის სათაო ოფისი ამერიკაში, ფლორიდის შტატშია, მაიამში, და ეს კომპანია, რომელსაც მილიარდიანი ბრუნვა აქვს, და ჩვენი წიაღისეულიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რომ გააქვს მამასისხლის ფასად, ჭიათურის მაღაროელებს კაპიკებს უხდის.
ჭიათურლები ჯერ კიდევ 2019 წელს ითხოვდნენ ხელფასის მომატებას,
შრომის პირობებზე აღარაფერს ვამბობ, – თვითმკვლელობა იყო და არის ახლაც ამ მაღაროებში მუშაობა,
მიწის ქვემოთ ხო ჯოჯოხეთია, არანაკლებია მიწის ზემოთ, ქალაქი და ახლომახლო სოფლები დაწამლულია, ხალხი ონკოდაავადებებით.
და რა გაკეთდა მაშინ გაფიცვით და შიმშილობით?
არც არაფერი.
ახლა ხელფასის მომატებას კი არ ვითხოვთო, ხელფასის შენარჩუნება გვინდაო ძველი გრაფიკითო, რადგან მეპატრონე უფრო მეტ მუშაობას გვავალებს, იგივე ხელფასითო.
ინტერვიუს ვუსმინე ხო, მაღაროელების, ორი დღის წინ ასე ამბობდნენ,
ახლა შიმშილობა დაიწყეს, და იმ იმედით არიან, რომ ყურადღებას მიაქცევენ.
საცოდაობაა ამ ხალხის ლოგიკა..
მგლის იმედზე რო დადგე, ისეა ამათი საქმე.
კაპიკების გამო სიკვდილს ეგუებოდნენ და ახლა კიდევ ესენი შიმშილობენ?
გამახსენეთ ვინმემ, ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, აქციებზე შიმშილობით რაიმე შედეგი ოდესმე დაიდო?
ევროპის ქვეყნებს მაინც გახედონ, საფრანგეთს, ინგლისს, ესპანეთს, ნახონ როგორ ითხოვენ მუშები იქ სოციალური პრობლემების გადაჭრას.
შიმშილობით ითხოვენ?
წავიდა ეგ დრო, წინა საუკუნეში დარჩა.
ის მაინც რატომ არ ესმით, რომ იმაზე მეტი უნდა მოითხოვონ, ის რომ მიიღონ, რაც უნდათ.
ხელფასის შენარჩუნება, ანდა თუნდაც გაზრდა კი არა, ამ მაღაროების ნაციონალიზაცია უნდა მოითხოვონ!
სააქციო საზოგადოების შექმნა უნდა მოითხოვონ!
აქციების ხალხისთვის გადაცემა უნდა მოითხოვონ, ეს მრავალწლოვანი ძარცვა რომ დამთავრდეს.
უნდა მოითხოვონ მათ, და პროფკავშირებმაც.
თუ ჰყავთ საერთოდ პროფკავშირები.
დამოუკიდებელ პროფკავშირებს ვგულისხმობ, და არა მაფიოზი პეტრიაშვილის.
წიაღისეულის, მიწის და მსხვილი სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს, ხალხის საკუთრება ხალხს უნდა დაუბრუნდეს!
თუ სადმე აქცია ტარდება, ეს მოთხოვნა ყველა აქციაზე, ყველა გაფიცვაზე, ყველა საპროტესტო მოძრაობაზე უნდა გაჟღერდეს.
მუშამ უნდა მოითხოვოს, მუშამ!
მუშას ძალა აქვს, მუშის იარაღია გაფიცვა, გაფიცვამ შექმნა მსოფლიოში დემოკრატია საერთოდ.
პარტიების და პარტიული ტელევიზიების იმედი ნურავის აქვს, პარტიები სოციალურ თემებზე არ იხმაურებენ, სისტემასთან შეკრული, და მსხვილი ბიზნესის დამკრიშავი პოლიტნაგვები ნაციონალიზაციას არასდროს მოითხოვენ.
პარტიებს აწყობთ ეს სიტუაცია, რადგან სწორედ იმისთვის სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, რომ მერე მათ მიეცეთ ხალხის ძარცვის საშუალება.
ნაციონალიზაცია მუშამ უნდა მოითხოვოს, და გაფიცვებით უნდა მოითხოვოს,
უნდა მოითხოვოს და ჩვენ ყველანი მათ მოთხოვნებს უნდა შევუერთდეთ.
თუ გვსურს ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ფულისტომრების და პოლიტაფერისტების მონებად კი არა, ადამიანურად ვიცხოვროთ აქ, და არ გავიქცეთ ევროპაში და ამერიკაში, და ისევ და ისევ სხვის მოჯამაგირეებად.
მოთხოვნები უნდა შეიცვალოს!
რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს და არა ჭიშკარმოფრიალებულ და უპატრონო ბოსტანს.
მართლა ბოსტანი, რა..
დაუპატიჟებელი სტუმარი მივიდა გურულთან.
მალე გავისტუმრებო, იფიქრა მასპინძელმა და არაყი და დასაყოლებლად მხოლოდ პრასი გამოუტანა,
არც ქონდა ალბათ, მეტი არაფერი.
დაისხა ერთი სტუმარმა, დაილოცა დინჯად, დალია.
მეორე დაისხა, დაილოცა და მხოლოდ მესამეს მერე აიღო დასაყოლებლად პრასი და კეცავს , და კეცავს, და კეცავს და კეცავს და ჩააწო ბოლოს მარილში.
უყურებს , უყურებს მასპინძელიც და ეუბნება:
მაგ პრასას პირში რო ჩეიდებ მალე გაღეჭე , თვარა მაგი თუ გეიშალა თავის ქალას აგხდისო..
იმ გურულის არ იყოს, ერთი ამ ასჯერ მოკეცილი, მოხრილი, წაღუნული და ნახმარი ხალხის წელში გაშლა და გაბრაზება მანახა და რა უნდა ღმერთს.
გაზეთი “საადგილმამულო” #7
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close