საზოგადოება

„2008 წლის აგვისტოში ჯალათებმა მომიკლეს მეუღლე და გადააგდეს ზღვაში, დღეს ოჯახს მისი სასაფლაოც არ გვაქვს” – სართანია

სააკაშვილი ჩემი ქმრის მკვლელს, რომან შამათავას გმირს უწოდებს

ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია ეს ტრაგედია. 2008 წლის აგვისტოში ჯალათებმა სასტიკად მოკლეს ჩემი მეუღლე, რომელიც ჯერ დახვრიტეს, მერე ბეტონის ნამსხვრევები მოაბეს და ზღვაში გადააგდეს თევზების საჯიჯგნად, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული პაატა ქარდავას მეუღლემ, ელისო სართანიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროში, დაზვერვის დეპარტამენტის კაპიტანი იყო.

„ჯალათებმა სასტიკად მომიკლეს მეუღლე და გადააგდეს ზღვაში ისე, რომ დღეს ოჯახს მისი სასაფლაოც არ გვაქვს. იმ დროს ბევრჯერ შევხვდით პრეზიდენტს და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ არავითარი დახმარება და გვერდით დგომა ჩვენ არ მიგვიღია. ჩემი დედამთილი, რომელიც შვილზე დარდს გადაჰყვა, პირადად შეხვდა სააკაშვილს და დახმარება სთხოვა. ისიც დაჰპირდა, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა მის დაპირებას.

ჩემი მეუღლის საქმის გამოძიება დაიწყო, როდესაც მთავრობა შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. სააკაშვილი დგას ახლა და ჩემი ქმრის მკვლელს, რომან შამათავას გმირს უწოდებს, რაც ჩემი მიცვალებულის შეურაცხყოფაა და ამას არავის ვაპატიებთ. მათ ციხეში ჯდომა უჭირთ და ჩვენ, ჩვენი მიცვალებულების სასაფლაოებიც კი არ გვაქვს. ეს არის სამართალი?! არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, ვინც დააშავებს, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ელისო სართანიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close