Sliderსაზოგადოება

“1942 წლის 9 აპრილი იდგა, მტერი წინ მოიწევდა – არტილერისტი თამარ ბარბაქაძე”

ჟურნალისტი ირინა გოგიტაური ფეისბუქზე წერს:
“ხაშურელ ქალთა გმირობა და თავდადება
ქალი არტილერისტი – თამარ ბარბაქაძე
1942 წლის 9 აპრილი იდგა, მტერი წინ მოიწევდა. ფრონტზე დიდძალი ახალგაზრდა „ღიმილის ბიჭი“ წავიდა და მათი ადგილი ქალიშვილებმა დაიკავეს. ხაშურის პედაგოგიური ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანს თამარ ტალახაძეს სხვა მოწინავე კომკავშირელ გოგონებთან ერთად იბარებენ რაიონის კომკავშირის რაიკომში. ისინი სულ 36 არიან. სხვა მოწინავე კომკავშირელებთან ერთად კომკავშირის რაიკომის კრებაზე, თამარი, რომელსაც ტექნიკუმი ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, გამოვიდა სიტყვით, სადაც მოუწოდა თავის თანატოლ გოგონებს, სამშობლოსა დასაცავად ბძოლაში ჩართულიყვნენ. მოხდა გაუონარი ფაქტი, 36-ვე გოგონამ მიიღო გადაწყვეტილება და თავიანთი სურვილით მოხალისეებად ჩაეწერენ სამშობლოს დასაცავად. იმ დღესვე მათ გაუხსნეს სამხედრო ბილეთები და გაანაწილეს სხვადასხვა მიმართულებით. მედდების ნაწილი ტუაფსისკენ წაიყვანეს, (ეთერ ციყელაშვილი, ელიკო ჯაფარაშვილი, ალექსანდრა ხაჩიძე, ნინო კეჩხუაშვილი, ქსენია გოგალაძე, ლილი ჯობაძე და სხვები). თამარ ტალახაძე, მარო კამლაძე, თინა ცუცქირიძე, თამარ პაქსაშვილი, თამარ ბლუაშვილი საზენიტო საარტილერიო ნაწილში გაანაწილეს. 17 წლის დედისერთა თამარ პაქსაშვილი მათ შორის ყველაზე პატარა იყო, დედამისი ყოველდღე დადიოდა ნაწილში, როდესაც ნაწილს აზერბაიჯანში გამგზავრების ბრძანება მოუვიდა, გოგონები სატვირთო მანქანის ძარაზე შესხდნენ. დედა ტირილით გაეკიდა მანქანას, საიდანაც გადმოვიდა მეთაური კანანენკო და შეეცადა მის დამშვიდებას, – არაფრისა გეშინოდეს, როგორც წავიყვან, ისევე უვნებლად ჩაგაბარებ შენს ქალიშვილსო. მეთაურმა პირობა შეასრულა. ხუთივე გოგონა ცოცხალი დაბრუნდა ფრონტიდან.
თამარ ალექსანდრეს ასული ტალახაძე, დაიბადა 1922 წლის 25 თებერვალს, მოლითის თემის სოფელ ნებოძირში. ერთ-ერთი ძლიერი გლეხის ოჯახში. ულამაზესი, მწვანეთვალაბა გოგონა, რომელსაც თანასოფლელები ლამაზ თამარს ეძეხდნენ სკოლაში წარჩინებული და აქტიური იყო. თავიდან იყო მოლითის კომკავშირის კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ ხაშურის პედაგოგიური ტექნიკუმისა, სადაც იგი სწავლობდა. ჰქონდა თანდაყოლილი მუსიკალური ნიჭი, კარგად უკრავდა აკორდეონზე, გიტარაზე და პიანონოზე. თამარის სამი უფროსი ძმა უკვე იყო ფრონტზე გაწვეული, ერთი კი ზურგში იბრძოდა.
– მშობლებთან მე დავრჩი ერთადერთ იმედად, მაგრამ ასე ვეტყოდი ხოლმე მათ, მეც შეიძლება მომიწიოს ჩემს ძმებთან ერთად ბრძოლა მეთქი-იგონებდა იგი.
ის რომ ქალები იყვნენ, მათ არ აძლევდა რაიმე პრივილეგიას. მათ მოვალეობაში შედიოდა იარაღის, ზარბაზნების ნაწილების შესწავლა, დაშლა-აწყობა, დატენა და სროლა, სამწყობრო მომზადება, სანგრების გათხრა, დაჭრილების მოვლა. მალე ისინი საქმის ოსტატები გახსნენ. თამარ ბარბაქაძე მემიზნე იყო, კარგად იჭერდა თვითმფრინავის სიმაღლეს, თამარ პაქსაშვილი კი კოორდინატებს იძლეოდა. შემდეგ იგონებდა:
– საშინელ ტანჯვა-წამებას ვუძლებდით, მაგრამ არაფრის არ გვეშინოდა. თუმცა სიკვდილი მუდამჟამს თავს დაგვტრიალებდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ჩვენი მოვალეობა სწრაფად და კარგად შეგვესრულებინა.
როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და მტერს მოიგერიებდნენ, თამარი დაჭრილებსა და დახოცილებს შორის გაბნეულ ამხანაგებს ქართულად გასძახებდა: „თამარა, ოლია, ნატო, მარო…. ცოცხლები ხართ?“ ისინიც ზოგი საიდან და ზოგიც საიდან პასუხობდნენ, შემდეგ ერთად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ულოცავენ ცოცხლად გადარჩენას. მათმა ბატარეამ ერთ-ერთი შემოტევის დროს მტრის 10 თვითმფრინავი ჩამოაგდო.
1943 წლის სუსხიანი თებერვალი იდგა, როცა ჩვენმა ჯარებმა მეორედ დავიბრუნეს კავკასიის ჭიშკარი – ქალაქი დონის როსტოვი. საზენიტო არტილერიის ჯარისკაცი თამარ ტალახაძე დაჟინებით გაჰყურებდა უკიდოგანო რუსეთის ცას. უეცრად გერმანელების თვითმფრინავებით ცა ჩამობნელდა და ჰაერში დაირხა საჰაერო განგაშის შემაძრწუნებელი ხმები. თამარი იძლევა ორიენტირებს და მზერა საზენიტო ქვემეხებზე გადააქვს, სადაც ერთ-ერთ ქვემეხთან ჩასაფრებული შავგვრემანი ჭაბუკი ადგილიდან არ იძროდა.
-ახალბედაა,-გაიფიქრა მან, ქვემეხთან მიირბინა მომართა იგი და ზუსტი გასროლით გერმანელების თვითმფრინავი მოკლული ფრინველივით ძირს დაანარცხა. ჭაბუკმა ტანმაღალ ჯარისკაცში ქალიშვილი შეიცნო, რომელსაც თავზე მჭიდროდ მორგებული ყურებიან ქუდიდან შუბლზე ჩამოშლილი ურჩი წაბლისფერი კულულები უჩანდა, სახე მკაცრი ჰქონდა და მტრისადმი შურისძიებით სავსე ლურჯი თვალები უბრწყინავდა. როდესაც მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს, თამარმა სომეხ არტავაზ აირაპეტიანს ქართველი გოგონები თინა ცუცქირიძე, თამარ პაქსშვილი, მარო კამლაძე და სხვები გააცნო.
ერთ-ერთი ბრძოლის დროს, როსტოვთან, თამარი ფეხში დაიჭრა და ჰოსპიტალში დააწვინეს, საიდანაც სულ მალე გამოიპარა და თანამებრძოლებს შეუერთდა. დაჯილდოვდა მედლით „თავდადებისთვის“.
მოგვიანებით იგი მეოთე უკრაინული ფრონტის სახელგანთქმულ პირველ გვარდიაში ირიცხება. გადის რადისტის კურსებს . ასე დაიწყო მან ახალი ფრონტული ცხოვრება იგი თავის თვალით ხედავს ბრძოლის ველზე მოფენილ ჯარისკაცთა დაჭრილ-გარდაცვლილთა გვამებს და იგონებს: „ გული შეეჩვია ყველაფერს, უკვე გმირის გული გამიხდა, ნებისყოფა მაგარი, აღარაფერი აღარ მაშინებს იმიტომ, რომ უკვე მტრის ტერიტორიაზე ვიბრძვი და ითვლება გამარჯვების დღეები“.
1945 წლის აპრილის უკანასკნელი დღეებია, ბერლინის მისადგომებთან, მისი პოლკი ერთ-ერთ პატარა დაბაში შედის, მოსახლეობას, ნიშნად დანებებისა, თეთრი დროშები გამოუფენია. პატარა გერმანელი გოგონა ფარაჯამოსხმულ ახალგაზრდა ქალთან ერთად მიდის თამართან და იების კონას ჩუქნის მას. ომი კი მთავრდება, ბერლინი დაცემულია, თანამებრძოლები გამარჯვებას ზეიმობენ.
გამარჯვების დღეს, 9 მაისს, ფრონტელი დაქალები, დროგობიჩში შეხვდნენ. თამარ პაქსაშვილი იგონებდა: „ შუა ღამე იყო და გუშაგად ვიდექი. მეთაურის მიწურის თავზე ვდგევარ და მესმის რადიოგრამას გადმოსცემენ, რომ ომი დამთავრდა. მე ეს ყველაზე პირველმა გავიგე, მაშინვე გოგოებთან მიწურში გავიქეცი, ყველანი დავაღვიძე და ომის დამთავრება მივახარე. ყველას თვალებზე სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა ერთმანეთს ვკოცნიდით და მტერზე გამარჯვებას ვულოცავდით.“
ომიდან დაბრუნებული დიდი პატივით მიიღეს ქალები. თამარ ბარბაქაძე ხარაგაულის რაიონის სამხედრო კომისარიატში სამოქალაქო თავდაცვის ინსტრუქტორად, 1946 წლის აპრილში შეუღლდა გრიგოლ ბარბაქაძესთან. შეეძინა სამი შვილი, რომლებიც სანიმუშო მოქალაქეებად აღზარდა. მთელი თავისი ცხოვრება მუშაობდა ჯანდაცვაში, პარალელურად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა ღონისძიებაში, ხშირად იწვევდნენ სკოლებში, სადაც იგი ჰყვებოდა თავის ფრონტულ ცხოვრებას. როგორც ვეტერანთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა მან მოიძია და შეკრიბა ყველა თავისი ფრონტელი თანამებრძოლი, აწარმოებდა მათთან მიმოწერებს სტუმრობდა და მასპინძლობდა მათ.
მადლობა ქალბატონი თამარის ვაჟს თემურ ბარბაქაძეს მასალების მოწოდებისთვის”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close