Sliderრეგიონები

ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირი – სტიქია გურიაში

მძიმე ვითარებაა, მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები. რამდენიმე სახლი მეწყრისგან სერიოზულად დაზიანდა. ჩოჩხათის სოფელ ჯიხანჯირში მეწყერმა ერთი სახლი მიწაში ჩაიტანა - ლანჩხუთის მერი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ.

როგორც ალექსანდრე სარიშვილი აღნიშნავს, მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა და რეგიონში მძიმე ვითარებაა.

„მძიმე ვითარებაა, მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები. რამდენიმე სახლი მეწყრისგან სერიოზულად დაზიანდა. ჩოჩხათის სოფელ ჯიხანჯირში მეწყერმა ერთი სახლი მიწაში ჩაიტანა და ბავშვს ვეძებთ ამ ოჯახიდან. ტექნიკამ, რომელიც ადგილზე იყო მისული ვერ იმუშავა და ახლა უფრო მძიმე ტექნიკა მიდის ადგილზე სამუშაოდ. მდინარე სუფსა არ მიიღო ზღვამ და ცუდი მდგომარეობაა“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ია მოქიას ინფორმაციით, სუფსაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ ღამის შემდეგ ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სუფსის ადმინისტრაციული ერთეული. მდინარე სუფსა ადიდდა და დატბორილია ძალიან ბევრი სახლის პირველი სართულები. მაქსიმალურად ვებრძვით ისე, რაც ხელისუფლების ზომებში შეიძლება შედიოდეს. სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, დაზიანებულია ასევე მიმდებარე სოფლები. პირადად ჩემთან, დატბორვასთან დაკავშირებით, 100-მდე ზარია შემოსული. ყველაზე მძიმე სიტუაცია არის უნაგირის ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი. სუფსაში მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ია მოქიამ.

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

„მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close