საზოგადოება

„ჯარი სულ ფეხებზე ჰკიდია, უბრალოდ ცდილობს რამდენიმე ათასი ხმა მოიპოვოს“ – ამირან სალუქვაძე

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება, რომლის ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი მოსამსახურეები და ვეტერანები არიან.

„რაც სააკაშვილმა გუშინ ჯართან მიმართებაში თქვა, მაგაზე დიდი მტრობა რომელი ქვეყნის სპეცსამსახურს შეუძლია მოგაყენოს, როცა სამხედროების აბუნტებას ცდილობს?!
უკვე მერამდენედ?!
ეს მცდელობები ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს ეხება.
ჯარი სულ ფეხებზე ჰკიდია, უბრალოდ ცდილობს რამდენიმე ათასი ხმა მოიპოვოს.
ვინც ჯარის ამბებში ჩახედულია, იციან რა მდგომარეობაში დატოვეს შეიარაღებული ძალები 2012 წელს, რა მდგომარეობაში იყო ტექნიკა, მ.შ. საავიაციო.
ეს აქტითაა გაფორმებული.
სამხედროები თუ ადარდებდათ, ომის წინ დაწყებული სამხედრო ქალაქის მშენებლობა რატომ გაყინეს და რატომ არ დაასრულეს? ან რამდენიმე ბაზის გარდა, დანარჩენ ინფრასტრუქტურას რატომ არ არემონტებდნენ? ომს შემდეგ კიდევ ჰქონდათ 4 წელი.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ ჯერ კიდევ რამდენი უკმაყოფილება მაქვს არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება როგორც სოციალური უზეუნველყოფის ან ყოფითი პირობების, ისე საბრძოლო ტექნიკის მოვლის და წვრთნების ინტენსივობის ზრდის მხრივ.
ეს ასეც რომ არ იყოს, მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები პოლიტიკოსებმა მაინც არ უნდა გააკეთონ, მით უმეტეს ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა“ – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილმა ჯარს ამერიკიდან მიმართა და მოახლოვებულ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ. საქართველო გადასარჩენია ამ უზურპატორი ხელისუფლებისგან, რომელმაც მოიპარა არჩევნები გასულ წელს, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ყოველდღიური ძალადობით და მუქარებით ინარჩუნებს კაბინეტებს. მოგმართავთ, როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს: ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს სჭირდება ახლა შველა. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს. თქვენი და ჩვენი გმირი ვეტერანების. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close