Slider

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები მოსახლეობის ყველა ფენისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არაა – აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული კომპონენტები: ბენეფიციარების სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ამბულატორიული მომსახურება. აუდიტის ფარგლებში შერჩეულ იქნა შვიდი სახელმწიფო პროგრამა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტი), C ჰეპატიტის  მართვა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა (C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობის კომპონენტი), რომელიც შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისი;
  • ფინანსური ხელმისაწვდომობა;
  • ფიზიკური ხელმისაწვდომობა;
  • ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.

ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისი

პროგრამების ადმინისტრირების მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებას, კერძოდ:

  • იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული ახალი დაავადების პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები, სერვისის დამატებას კი შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე წელი. ამასთანავე, აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არ არის შემუშავებული ეროვნული გეგმა ან სტრატეგია და არ იწარმოება იშვიათი დაავადებების მქონე პირთა რეესტრი. შეზღუდულია პროგრამის ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორია და მოიცავს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს. ზემოაღნიშნული ფაქტორები ზღუდავს სამედიცინო სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას.
  • იშვიათი დაავადებების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული რიგი სერვისები არ არის გაწერილი დეტალურად, არსებული მექანიზმები კი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა სრულ ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისებისა და მიმართვიანობის სიხშირის შესახებ.
  • სააგენტოში დანერგილი მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას რიგ სამკურნალო საშუალებებზე, კერძოდ: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს არ აქვს შემუშავებული მარაგების მართვის მექანიზმი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ ვერ უზრუნველყო მედიკამენტების შესყიდვა, ხოლო უკვე შესყიდული საკვები დანამატის – ბენეფიციარებისთვის მიწოდება. აღნიშნულის გამო, ერთი მხრივ, ბენეფიციარებმა ვერ მიიღეს პროდუქტები, რიგ შემთხვევებში კი შესყიდულ პროდუქტს ამოეწურა მოქმედების ვადა.
  • ჯანმრთელობის დაცვის რიგი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული მექანიზმ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე მიმართვიანობის ზრდას, ხოლო იმ პროგრამის ფარგლებში, სადაც შემუშავებულია პაციენტების მიდევნებისა და მკურნალობაზე დამყოლობის მექანიზმები, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა სერვისებში ჩართვას. შედეგად, დაბალია რიგი პროგრამებით გათვალისწინებულ სრულ სერვისებში ჩართულ ბენეფიციართა მაჩვენებელი.

ფინანსური ხელმისაწვდომობა 

პროგრამების მართვის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. რიგი პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების ფარგლებში პაციენტებს თანაგადახდის პირობებში ეზრდებათ მათ მიერ ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული ხარჯები. კერძოდ, 2017-2019 წლებში საყოველთაო, ქრონიკული და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფდა ბენეფიციართათვის იდენტური სერვისების განსხვავებული თანაგადახდით მიწოდებას. 2019 წლის აგვისტომდე ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდა გათვალისწინებული იყო ასევე C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც, რამაც ნაწილობრივ შექმნა სერვისების წვდომაზე ფინანსური ბარიერები.

საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიური ხარჯვა

პროგრამების მართვისას არ არის გათვალისწინებული საკმარისი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულ და ეკონომიურ ხარჯვას:

  • დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე მომსახურების ანაზღაურება ხდება განსხვავებული ღირებულებით;
  • საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მედიკამენტების არაოპტიმალური ღირებულებები;
  • სერვისების დაფინანსებისთვის შემუშავებული მოდელების − გლობალური ბიუჯეტისა და ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, მიმწოდებლებს ყოველთვიურად უნაზღაურდებათ დადგენილი ფიქსირებული თანხა, ბენეფიციარების მიერ სერვისების მიღებისა და გაწეული ხარჯის მიუხედავად. შედეგად, აუდიტის პერიოდისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურებული თანხა აღემატებოდა ბენეფიციარებისთვის ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ხარჯს.

დაფინანსების დამატებითი მექანიზმ(ებ)ის, ასევე სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ოპტიმალური ღირებულებების განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, ჯამში − 2,404,238 ლარის ოდენობით და, შედეგად, პროგრამებში მეტი ბენეფიციარის ჩართვა და ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ფიზიკური ხელმისაწვდომობა

სააგენტოს მიერ დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს პროგრამების ფარგლებში განსაზღვრული სერვისების სათანადო გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, დიაბეტის მართვის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული რიგი სერვისების მიმწოდებლები, ძირითადად კონცენტრირებულნი არიან დედაქალაქში, ხოლო ბენეფიციართა, საშუალოდ, 57% ცხოვრობს თბილისის ფარგლებს გარეთ. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილს მომსახურების მიღება უწევს  საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებით.

ინფორმაციული ხელმისაწვდომობა

ქვეყანაში არ არის შემუშავებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების შესახებ ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა. არ არის დაგეგმილი მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიები, რაც მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის სერვისებზე ხელმისაწვდომობაში. შედეგად, გამოკითხულ პოტენციურ ბენეფიციართა ინფორმირებულობის დონე დაბალია და მათი დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებული და დაფინანსებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შესახებ.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close