სამართალი

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსი გერმანიაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ახალ გარემოებებზე ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი დაასახელეს.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსს ბერლინში ჩასვლა და ჩვენების მიცემა სთხოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსი ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა. თუმცა, გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს სანდრა რულოვსის დარწმუნება იმაში, რომ ბერლინში ჩასულიყო და ჩვენება მიეცა. ამიტომაც ის ტელეფონით გამოკითხეს. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ამ სატელეფონო საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროვებიათ.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close