რეგიონები

ცაში გაბნეული სითბო და სიყვარული – სამტრედიის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატები გამოფინეს

სამტრედიის მესამე საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის ხელოვნების მიმართულების პედაგოგის, ქეთი მეფარიშვილის ორგანიზებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის სამხატვრო და მესამე საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

გამოფენაზე, რომელიც ღია ცის ქვეშ, სკოლის ეზოში გაიმართა და მასში 4-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, წარმოდგენილი 50-ზე მეტი ნახატის თემატიკა ძირითადად თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს. როგორც მესამე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ქეთი მეფარიშვილი აცხადებს, ეს იყო სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოფენა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოსწავლეებს, რომელთაც არ დაიზარეს და თავიანთი დროის გარკვეული მონაკვეთი ხელოვნებას მიუძღვნეს. თითოეულმა მათგანმა ნახატებში გადმოსცა თავისი სული, გრძნობები. ვერ ვიტყვი რომ არ ველოდი ასეთ შედეგს. ველოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი მაქსიმალურად დაიხარჯებოდნენ. ეს ბავშვები არიან საქართველოს მომავალი. ახალგაზრდები, რომლებსაც უსაზღვროდ უყვართ სამშობლო, ოჯახი და სკოლა, საიდაბან ეხსნებათ გზა მომავლისკენ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მესამე საჯარო სკოლის თითოეულ პედაგოგს, დირექციას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა მშობლებს. სამტრედიის მესამე საჯარო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებს, რომელთაც გამოფენა გაამრავალფეროვნეს. მეოთხე-მეხუთე კლასების მომავალმა მუსიკოსებმა საოცრად თბილი გარემო შექმნეს. ეს იყო ნამდვილი ზეიმი და მეამაყება თითოეული მოსწავლე“, – აცხადებს ქეთი მეფარიშვილი.

სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენამ დამთვალიერებელთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მე მომავალი მხატვარი არ ვარ, მომავალი კალათბურთელი ვარ, მაგრამ როცა ქეთი მასწავლებელმა დავალება მოგვცა, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი სურვილი, ემოცია გადმომეცა და ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი ლურჯი ყვავილი მასწავლებლებსა და გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, ჩემს თანაკლასელებს მოეწონათ. ძალიან ბევრი და კარგი ნამუშევრები იყო გამოფენილი. ორიგინალური მასწავლებელი გვყავს და მან თავისი ხასიათი ამ ღონისძიებაშიც გადმოსცა – გამოფენა ღია სივრცეში, სკოლის ეზოში მოაწყო. ჩემი აზრით, ამან უფრო მეტი სითბო შემატა გამოფენას. მადლობა ქეთი მასწავლებელს, სკოლას და ყველას, ვინც დაგვაფასა და ჩვენი ნამუშევრების დასათვალიერებლად მოვიდა“, – განაცხადა სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთარ ლეჟავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close