საზოგადოება

“ჩვენ ვართ სამართლიანი სასამართლო” – სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, სიტყვა არ შეაწყვეტინეს.

„შემადგენლობა ორივეს ვფიქრობდით – რომ საქმეზეც იქნებოდა საუბარი და, რა თქმა უნდა, მისი ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ექნებოდა. ფაქტობრივად, ეს იყო განცხადება და მისი პოზიციის დაფიქსირება. მისი უფლება რომ არ შეგველახა, რა თქმა უნდა, არ შევაწყვეტინეთ. როცა საქმე კონკრეტულად შესავალ სიტყვას, დასკვნით სიტყვას, ჩვენებას ეხება, მაგ დროს, ცხადია, კონკრეტიკასთან გვაქვს კავშირი და, რა თქმა უნდა, კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ იმ ბრალდებებზე, რომელ საქმესაც ჩვენ განვიხილავთ“, – აღნიშნა მოსამართლემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კითხვაზე, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობა, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მოეხდინა მასზე ან კოლეგიაზე ზეწოლა, მოსამართლე ამბობს:

„ნამდვილად ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირი ან ირიბი მცდელობა ყოფილიყო. ნამდვილად, ჩვენ ვართ სამართლიანი სასამართლო, სამივე. ისევე ვაძლევდით შენიშვნებს ბრალდების მხარეს, როგორც – დაცვის მხარეს, როცა ისინი რაღაც კანონის ფარგლებში არ ჯდებოდნენ“, – აცხადებს ლია ორკოდაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close