სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო

ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close