პოლიტიკა

“შიმშილობაშიც რომ სრული „ფეიკი“ ხარ, ეს არის ყველაფერზე პასუხი” – კობახიძე

მოშიმშილე როცა ნახევარ კილო თაფლს ჭამს, ესაა შიმშილობაში „ფეიკი“

„მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მახასიათებელი აქვს – ბოროტება და სიცრუე. შიმშილობაშიც რომ სრული „ფეიკი“ ხარ, ეს არის ყველაფერზე პასუხი – მოშიმშილე როცა ნახევარ კილო თაფლს ჭამს, ესაა შიმშილობაში „ფეიკი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, უპრეცედენტოა, როცა ვინმე შიმშილობს და მოთხოვნას ვერ აყენებს, რის გამოც შიმშილობა დაიწყო.

„საქართველოში, შიმშილობების 35-წლიანი ისტორია მახსოვს. ამ 35 წლის განმავლობაში, არ მახსენდება არც ერთი შიმშილობა, რომელიც ვიღაცამ მოთხოვნის გარეშე დაიწყო. კაცს მოთხოვნა არ აქვს. იმ დონეზე უსუსურია, რა მოთხოვნა უნდა დააყენოს? 4 საქმეზეა მსჯავრდებული და მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ დანაშაულები აქვს ჩადენილი. ბრალდებები, რომლებიც აქვს წაყენებული, იქაც ხელისგულზე დევს ყველაფერი. კაცი არის უმძიმესი კრიმინალი და თავადვე იცის, რა აქვს ჩადენილი. რაზეც უკვე შეფარდებული აქვს, ზღვაში წვეთია იმასთან, რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. ქართულ და მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა – მოთხოვნასაც ვერ აყენებს, ისე შიმშილობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილისა და მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე „ნებისმიერი საუბარი წარუმატებლობისთვისაა განწირული“.

„სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში, როგორც კი მეორე ტური დასრულდება, არათუ ციხეში მყოფი სააკაშვილის აქტუალობა, „ნაციონალური მოძრაობაც“ ნული აქტუალობით მოსარგებლე პოლიტიკური ძალა იქნება. ის იმ ბნელ წარსულს უნდა ჩავაბაროთ, რომელსაც მიეკუთვნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არც საარჩევნო და არც ქუჩის რესურსი არ აქვს. პროვოკაციები იქნება არჩევნების დღესაც, მანამდეც და ცოტა მერეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი განეიტრალდებიან, როგორც ბოროტი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close