პოლიტიკა

“შემოსული ტურისტი არ უნდა იყოს ეპიდსაფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის”

პირველ რიგში მოსახლეობას მინდა მივულოცო, რომ მძიმე შეზღუდვები მოიხსნა, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია, თუმცა მინდა ასევე შევახსენო რომ პანდემია არ დასრულებულა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს არც ვაქცინა და არც ანტივირუსული პრეპარატი, უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება.
„ეპიდემილოგიური სურათი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საშუალებას გვაძლევდა, თუმცა თვითკმაყოფილების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან პანდემია რჩება და ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას ჰქონოდა საშუალება, რომ კრიზისული ვითარება ემართა. როგორც ინფექციონისტები და დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია ინფექციის მეორე, მზარდი ტალღა და შესაძლოა, იყოს მესამეც. ამიტომაც კონტროლის მიღმა ამ ვითარების დატოვება საფრთხის შემცველია და ეს საფრთხე შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ტოლფასი. საყურადღებოა, რომ სამეზობლოში, რუსეთში, სასომხეთში, აზერბაიჯანში ეპიდსიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა და ეს დამატებით ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ კანონი, რომელიც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ლოკაციაში მოხდეს ვითარების რეგულირება, შესაძლო საჭირო გახდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება, მიმოსვლის შეზღუდვა და ეს უკვე შესაძლებელია არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, არამედ ადგილზე გადაწყეტილების მიღებით“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, კანონით ასევე მთავრობას საშუალება ეძლევა, რომ გააკონტროლოს საზღვარი.
„მითუმეტეს ვაპირებთ, გავხსნათ ასევე ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურიზმი ავამოქმედოთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, შემოსული ტურისტი არ უნდა იყოს ეპიდსაფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასე რომ რეგულაციები აუცილებელია, ჩვენ მძიმე რეგულაციები მოვხსენით და ვაწესებთ შედარებით მსუბუქს, მაგრამ ეს იქნება ქმედითი და ამით ექნება საშუალება მთავრობას, რომ დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close