პოლიტიკა

ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს

ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი. პრემიერის განმარტებით, საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს რეგიონში საავიაციო ჰაბი.

„ეს არის ჩვენი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გვაქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა. რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. ალბათ, დამეთანხმებით, დღეს არსებული აეროპორტი არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უპასუხებს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს, რომელზეც მინდა გესაუბროთ. ჩვენ ვგეგმავთ და გვაქვს სურვილი, რომ გრძელვადიან პროექტზე იყოს გათვლა, ეს არ უნდა მხოლოდ 5 ან 10 წლის განმავლობაში გათვლილი პროექტი. აქედან გამომდინარე, მინდა შემდეგი გადაწყვეტილების თაობაზე მოგახსენოთ-ჩვენ დავამუშავეთ 2 ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის გაერთიანება და გაფართოება, მაგრამ ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ. ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსებიც, შეზღუდვებიც და რეალურად, დიდი განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა, მითუმეტეს, თუ გვინდა რეგიონში საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ეს აეროპორტი და მისი ადგილმდებარეობა ამის საშუალებას ვერ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30 და 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს მომავალს თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ადგილი თბილისში არის, ამ მიზნით იდეალურია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ამიტომ, ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები. ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოჯისტიკური და თანამედროვე, მგზავრებზე გათვლილი საერთაშორისო კლასის აეროპორტი. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა კარგი ტერმინალების მშენებლობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close