Slider

უწმინდესი აიძულეს, რომ დათანხმებოდა – რატომ არ უნდოდა პატრიარქს რამდენიმე მიტროპოლიტთან ერთად განმარტოვება?

დავით გარეჯის ირგვლივ ორად გაყოფილი სამღვდელოება, საარჩევნო პროცესებში სასულიერო პირების მონაწილეობა, ამბიონებიდან ნაქადაგები პოლიტიკა და და პატრიარქი, რომელიც რამდენიმე მიტროპილიტთან ერთად მარტო დარჩენას ერიდება – ამ და სხვა თემებზე „პროგრესნიუსს“მიტროპოლიტი მელქისედეკ (ელიზბარ) დიაკონიძე ესაუბრა:

_ ტკივილამდე მეცოდება ჩემი ქვეყანა, რომელსაც განკითხვისა და გამოჩინების საშინელი დღე დაუდგა. ახლა უფალი გამოაჩენს საერო თუ სასულიერო დასში ვინ არის ჭეშმარიტების გზაზე და ვინ არა. მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკვე მოხუცია, ამასთან  ყოველთვის ლოიალური და გულმოწყალე გახლდათ და ცოდვებისკენ მიდრეკილი ადამიანი ებრალებოდა. ცდილობდა  შეწყალების გზით ადამიანში მონანული არსება გაეღვიძებინა და ღვთისადმი სიყვარულით ეპოვნა, მაგრამ ნათქვამია, რომ კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. წარმოგიდგენიათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არა უფლის წყალობის საპოვნელად, არამედ მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მიდიან? ასეა და ამ უბედურებაში საერო და სასულიერო ხელისუფლება თანაბრად დამნაშავე გახლავთ. ჩვენ იმ ეპოქის მომსწრენი ვართ, როდესაც  ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია და ეროვნული ძალები მოვიდნენ, მაგრამ ეკლესიამ ეროვნული ხელისუფლების მხარე არ დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ მაშინდელ მღვდელმთავრებში ორად-ორი ადამიანის გარდა, ყველა ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგი იყო. ეს ორი მღვდელმთავარი გახლდათ აწ განსხვენებული მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, რომელიც შემდეგ რაღაც ხერხებით მოაკვდინეს და მეორე სქემ მიტროპოლიტი ქერუბიმი ქრისტეფორე წამალაიძე, რომელიც დღესაც იბრძვის თავისი ხმამაღალი სიტყვით, თუმცა ისიც უკვე ასაკოვანია და ისეთივე ომახიანი გამგრძელებელი ჭირდება, როგორიც თავად იყო. ამ ორის გარდა, იმდროინდელი სინოდიდან, არც ერთი მღვდელმთავარი არ იყო მიდრეკილი ეროვნული ხელისუფლების გასაძლიერებლად.
_  მიზეზი რა იყო? რატომ აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლება ეკლესიისთვის მიუღებელი?
_ ეროვნული ხელისუფლების პირობებში აუცილებელი იქნებოდა ეროვნული იდეებისა და რჯულის კანონის უფრო მკაცრად დაცვა-შენახვა და ადამიანთა სულის გადარჩენაზე ზრუნვა, რაც ნებისმიერ მღვდელმსახურს ევალება. პირადი, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ეკლესიაში ჩაბუდებული ადამიანისთვის მიუღებელი იქნებოდა ხელისუფლება, რომელიც ყიჟინას დასცემდა მამათმავლობისა და სხვა სენების წინააღმდეგ, რომლითაც რამდენიმე მათგანი შეპყრობილია, ამიტომ ხელად აიტაცეს აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძისა და  სხვა ბატონების იდეა..
როგორც ამბობენ, მიცვალებულზე აუგს არავინ ამბობს, მომეცით კარგის თქმის საშუალება და პირველი ვიყვირებ, რომ შევარდნაძემ საქართველოსთვის კარგი გააკეთა. არაფერი კარგი არ გაუკეთებია, ამიტომ ყოველთვის ძაღლჩამკვდარს ვუწოდებ და ასეც დაწერეთ. როგორც დავით გურამიშვილმა ბრძანა, ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო? ზუსტად ბოროტების მეჩირაღდნე ედუარდ შევარდნაძემ მოიტანა დღევანდელი ვითარება საქართველოში. ჯერ სააკაშვილის და მერე ივანიშვილის ხელით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ერი ამ დღეში ჩავარდნილიყო. ყველას გვახსოვს 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში ივანიშვილი მობრძანდა, ედუარდ შევარდნაძის ბოლო ინტერვიუ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე – აი, ახლა  მივდივარ საქართველოს პოლიტიკიდან, ჩემი საქმე დავასრულეო. ამის ქვეტექსტი იყო, რომ აწი აღარაფერი გეშველებათ და თქვენი უკან დაბრუნება არავითარ ძალას აღარ შეუძლიაო და ასეც მოხდა.
_  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სასულიერო პირთა აზრი ორად გაიყო – იმის მიხედვით, ვისი სიმპათია რომელი პოლიტიკური ძალისკენ იხრება. სასულიერო პირთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სამონასტრო კომპლექსი სააკაშვილის ხელისუფლებამ გაყიდა, ნაწილი კი ამ თემის გააქტიურებას მოახლოვებულ არჩევნებს უკავშირებს. თქვენს რას ფიქრობთ?
_ ქართული ეროვნული მოღვაწეობა სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შენარჩუნებისა და რუსული სამხედრო პოლიგონების გამოძევებისთვის ბრძოლიდან დაიწყო. მაშინ ჩვენ ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ხშირად ჩავდიოდით დავით გარეჯში და ეროვნულ მოძრაობას მხარში ვედექით.
შეგახსენებთ, რომ წმინდა მამა დავით გარეჯელი გახლავთ ერთ-ერთი იმ 13 ასურელი მამიდან, რომელიც იმდროინდელ საქართველოში გამეფებულ უსახურ ეკლესიას მართალი სიტყვით მოევლინა.  სიმბოლურია, რომ დღეს ისევ წმინდა დავით გარეჯელის მონასტრის ირგვლივ განვითარდა მოვლენები და საქართველოს სულიერ გადარჩენას ისევ წმინდა მამათა ნაკვალევიდან გაგრძელება დაჭირდა.
რაც შეეხება სასულიერო პირთა დაყოფას, საერთოდ მე არ მესმის ასეთი მოვლენა. ეკლესია ქადაგებს იერარქიულ საფეხურთა ზედმიწევნით დაცვას – დიაკონი ემორჩილება არქიდიაკონს, არქიდიაკონი ემორჩილება სამღვდელო დასს, სამღვდელო დასშია მღვდელი დეკანოზი და ასე შემდეგ. ამის მერე მთავარი იერარქები გახლავთ ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები და ბოლოს ყველაფრის თავი და საჭეთმპყრობელი კათოლიკოს – პატრიარქი. ამ დროს ვხედავთ, რომ იერარქიული საფეხურის „დამცველი“ სასულიერო პირი ხან ერთი პოლიტიკოსის მომხრედ გვევლინება, ხან მეორის. მისი უწმინდესობა სწორად ბრძანებს -სიყვარული ყველასი გვმართებს, ვინც სახელმწიფოსთვის ფიქრობს და ზრუნავს, ხოლო ვინც საკუთარ ჯიბეზე ზრუნვით არის დაკავებული, ის უნდა გვეცოდებოდეს. ამდენად, წმინდა დავით გარეჯელის სახელობის სამონასტრო კომპლექსის გასხვისების პატიება არ შეიძლება. ამას უფალი აუცილებლად მოგვაგონებს და ვერაფრით გავითავისუფლებთ სულს იმ ცოდვისგან, რომ ხელი შევუწყეთ სიწმინდის გასხვისებას.
_ რომ სამონასტრო კომპლექსის გასხვისება ნამდვილად მოხდა, დარწმუნებული ხართ?
_ დიახ, წინა იმ ხელისუფლებამ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გაასხვისა. გაყიდა, გაცვალა თუ გააჩუქა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაასხვისა. რაც შეეხება სასულიერო პირთა აზრის ორად გაყოფას, მეცოდება ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა, იმიტომ, რომ მოხუც მამას არავისგან ეკადრება მსგავსი საქციელი. განსაკუთრებით მათგან, ვისაც ყოველთვის „კბილებით იცავდა“. ესაა შედეგი იმისა, რომ შევარდნაძის მოსვლის დღიდან საქართველოს ეკლესიაში  სასულიერო პირებად დაწინაურდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნაკლებად არიან განათლებით, წიგნიერებით თუ სულიერებით დაკავებული და  რატომ? კონსტანტინე გამსახურდიას მოვიშველიებ – სკამზე მჯდომი თავისზე უკეთესს ვერასდროს იგუებს.  ის ყოველთვის მორჩილ ხელქვეითს ეძებს, რომელიც მასზე ჭკვიანი, მასზე მეტი სიბრძნის თუ სიყვარულის საღვთო მადლის მატარებელი არ იქნება. არავის  აინტერესებს დღეს კათოლიკოს-პატრიარქი რას იტყვის, ეკლესია საით წავა და ხალხი რა დღეში ჩაცვივდება. ბრმად მორჩილებას ქადაგებენ, რომელიც ერთი მხრივ, მორწმუნე ადამიანისთვის სწორი მიმართულებაა, მაგრამ რატომ უნდა იყო მორწმუნე, როგორ უნდა შეძლო ამ რწმენაში ყოფნა, ამას აღარ აბობენ.
_  მართებულია თუ არა ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება?
_  წმინდა სერბი მამა ნიკოდიმოსი ბრძანებს – ნურვინ დაიჯერებს მაცდურთა სისინს, რომ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის სულერთია, რომელ პოლიტიკურ თუ მატერიალურ გარემოში ვიცხოვრებთ, რადგან ესა თუ ის პოლიტიკური მდგომარეობა ან ხელს უშლის ან ხელს უწყობს ჩვენს შემდგომ ცხოვრებას და ყველა ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მის ირგვლივ პოლიტიკური სიტუაცია გააძლიეროს. მამა ნიკოდიმოსი ამას მონარქიასთან დაკავშირებით ბრძანებს. სამწუხაროდ, ამბიონი დღეს ყოველგვარი ეროვნული თუ სულიერი დისციპლინის ქადაგებას მოკლებულია, სამაგიეროდ,  ხშირად ისმის, რომ ამ პარტიას მივცეთ ხმა და იმ პარტიას მივცეთო. ყოველი მღვდელმთავარი ცდილობს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს პირი, რომელიც მის მატერიალურ კეთილდღეობას გააუმჯობესებს.
ქადაგება იერარქიული საფეხურებისკენ უნდა იყოს მიმართული. იერარქიული საფეხურების ქადაგებისა და სულიერი სიძლიერის შემთხვევაში კი  სასურველი ხელისუფალი და საერო პატრონი ქვეყნისა მონარქია. საერო ხელისუფლება სულიერად ძლიერი და განწმენდილი ეკლესიის გარეშე ძლიერი ვერ იქნება. მოგეხსენებათ,  წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა ჯერ ეკლესია ბოლომდე გაწმინდა და შემდეგ ქვეყანა გააძლიერა. ყველას გვსმენია იმ 200  ბერის შესახებ, რომელიც მტრის გულში მეფემ შეგზავნა და აქედან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. დღევანდელი ქართული ეკლესიის სათავეში მყოფთ შეიძლება ეს სასაცილოდაც მოეჩვენოთ და არა მგონია, ვინმეს მოუნდეს იმ 200 კაცის მსგავსად, მტრის ზურგში ხმლის ტრიალი. ისინი მე სულელად მთვლიან, რადგან იმ 200 ბერის დარი ქართველობა მსურს ჩემთვის და სხვა ქართველებისთვის, თუმცა დღევანდელი სულიერი ყოფის პირობებში რა თქმა უნდა, ეს მიუღწეველია. დღეს ჩვენ წმინდა მეფე დავითის ნაკვალევზე სასიარულოდ წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი გვჭირდება, იმიტომ, რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეპოქამ აღმოაცენა დავით აღმაშენებელის ეპოქა. მეფე ხარ და ხამს! მეფე ხარ და გევალება! მაჩვენეთ დღეს ქართულ ეკლესიაში ვინმე, ვინც დღევანდელ, გუშინდელ და გუშინწინდელ მთავრობას დითირამბებს კი არ უმღერებს, მსგავსი სულისკვეთებით მიმართავს. სამწუხაროდ, უკვე მესამე თაობას ვკარგავთ იმიტომ, რომ სულიერ სადარაჯოზე სულიერად მტკიცე ადამიანები არ დგანან. თუ რუის-ურბნისის კრებაზე წმინდა მეფის ბრძანებით, 150 სასულიერო პირს დააჭრეს ქუსლი, დღეს ალბათ მუხლებშია გადასაჭრელი 200 თუ მეტი არა!
_ ოთხ დღეში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებს  მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ესწრებიან. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ასეთი აქტიურობა?
_ მე თავშივე ვთქვი, რომ ერთადერთი მოწოდება, რომელიც საქართველოს ეკლესიების ამბიონებიდან უნდა ისმოდეს, ეს არის მონარქიის აღდგენისაკენ საერო ცნობიერების მიდრეკა. დანარჩენი ფუჭია და მიდრეკილია იმისკენ, ვინ რომელ ჯიბეში ხედავს თავის სარგო სარჩოს. მავანს ოცნების ჯიბიდან ამოღებული ფულით სურს განამტკიცოს თავისი მატერიალური მდგომარეობა, მავანი მიჩვეულია ნაციონალური მოძრაობის ჯიბიდან ამოღებული ფულით და ჯიპებით სიარულს და რა თქმა უნდა, შეჩვეული ჭირი ურჩევნია.
დიახ, წმინდა მამა ნიკოდიმოსის სიტყვებია,  რომ მართლმადიდებლები ვეცადიოთ ჩვენს ირგვლივ პოლიტიკური გარემოს გასუფთავებას, მაგრამ არა ვინმეს, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ. მე ვერ ვხედავ რომელიმე პოლიტიკური პარტიის შეკრებაზე მღვდელმთავართა მიბრძანებაში ხალხზე და ქვეყანაზე წუხილს.
ახლა ისეთ ფაქტზე გიამბობთ, რომლის მოწმეც თავად გახლავართ, თუმცა არასდროს დამჭირვებია ამის გახსენება. 2009 წლის 25 მაისს განახლებული ფილარმონია ნანი ბრეგვაძის კონცერტით გაიხსნა, სადაც მისი უწმინდესობა მიწვეული გახლდათ. იმავე საღამოს ჩემი ორი მეგობარი დამიკავშირდა და მთხოვა  პატრიარქთან ორიოდე სიტყვის თქმა გვინდა და მიგვყევიო. მათ შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზურაბაულია. საპატრიარქოში რომ მივედით, მისი უწმინდესობა ნანი ბრეგვაძის კონცერტზე წასული დაგვხვდა, ადგილზე კი ოთხი  მღვდელმთავარი ელოდა: მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), მიტროპოლიტი გერასიმე, ამჟამად განყენებული მიტროპოლიტი პეტრე და ახალნაკურთხი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი. მე მათთვის არასასურველი სტუმარი აღმოვჩნდი, რაც სახეზე დაეტყოთ კიდეც. მოვიდა ჩემთან მიტროპოლიტი ნიკოლოზი და მითხრა პატრიარქი გადაღლილი იქნება და 5-10 წუთზე მეტი არ წაართვათო. დავეთანხმე, რომ დიდ დროს არ წავართმევდით, მაგრამ მისმა უწმინდესობამ როგორც კი დაგვინახა, დაბეჯითეთით გვთხოვა, რომ ვახშამს დავსწრებოდით. როგორც შემდეგ დავასკვენი, პატრიარქს ამ ხალხთან მარტო დარჩენა არ სურდა და ჩვენ სულზე მისწრებულებივით ვიყავით, განსაკუთრებით მისი შვილობილი ზურაბ ზურაბაული და მისი თანმხლები პირი.
_ რატომ ფიქრობთ, რომ პატრიარქი ზემოთხსენებულ სასულიერო პირებთან მარტო დარჩენას გაურბოდა?
_  მოგახსენებთ. შევატყვე, რომ სუფრასთან ყოფნა გაჭიანურდა, მაგრამ სანამ პატრიარქი არ დაგვტოვებდა, ვერ ავდგებოდით. ბოლოს და ბოლოს ამ პირებმა ჰკითხეს უწმინდესს, რომ ხვალ აღლუმზე ვინ უნდა იახლოთო. რომელ აღლუმზეო, იკითხა პატრიარქმა. ხვალ, რუსთაველზე რომ 26 მაისის აღსანიშნავი აღლუმი ეწყობაო – უთხრეს ზემოთ ხსენებულმა პირებმა. მე არავის მიუწვევივარ, არაფერი ვიცი და როგორ წავალო – ბრძანა პატრიარქმა. ამის თქმა და სამივე მიტროპოლიტი ფეხზე წამოხტა, ეცა მობილურ ტელეფონს და ნაციონალური მოძრაობის მთავრობაშირეკვა დაიწყო იმის სათქმელად, რომ პატრიარქი უარზეა და რაღაცა გვიშველეთო. ზუსტადაც რომ სწორი არჩევანი გაკეთდა შორენას გამოძახებით, რადგან როგორც კი შემობრძანდა ქალბატონი შორენა და გადაგვხედა, ვინ ვიყავით სუფრასთან, მიხვდა რაში იყო საქმე და მისი უწმინდესობის ნაბრძანებში რა აზრი იდო. მეუფენო, რა პრობლემა შექმენით, მოუტანია კურიერს მოსაწვევი და გარეთ შლაგბაუმთან, დაცვასთან დაუტოვებიათო – რა თქმა უნდა, სასაცილო გამოსავალი მოძებნა იმ წუთში ქალბატონმა შორენამ, მაგრამ მოძებნა და იმათმაც შვებით ამოისუნთქეს.
_ სასაცილო რატომ?
_ როდის იყო, რომ კათოლიკოს-პატრიარქისათვის გაგზავნილ პრეზიდენტის პირად მოსაწვევს სადღაც შლაგბაუმთან ტოვებდნენ და დაცვას ის მაგიდაზე ავიწყდებოდა? სრულიად წარმოუდგენელი სისულელით გამოასწორეს მდგომარეობა და მეორე დღეს, ტელევიზორი რომ ჩავრთე, დავინახე მისი უწმინდესობა აღლუმზე იდგა და ზემოთ ხსენებული მიტროპოლიტები მხარს უმშვენებდნენ.
_ თქვენი აზრით, პატრიარქი იძულებული გახდა მათ ნებას დაჰყოლოდა?
_ რა თქმა უნდა, იძულებული გახადეს, რომ დამორჩილებოდა და ასეთი მომენტები უამრავია, ამას ხმამაღლა ვამბობ. ამიტომ როცა დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის სინოდის გადაწყვეტილება პატრიარქის ნება არ იყო, არ მიკვირს.
_ მეუფეო, როგორი წარმოგიდგენიათ საქართველოს ეკლესიისა და თქვენი ხვალინდელი დღე, რა იქნება თუნდაც არჩევნების შემდეგ?
_ მე ერთი უბრალო, უბირი არსება ვარ და დღეს თუ მღვდელმთავრის რანგით წარმოვჩინდები, არ ნიშნავს, რომ ქართული ეკლესიიდან იმისათვის წავედი, რომ მღვდელმთავრობისთვის მიმეღწია.მე დღესაც არ მცნობს ქართული ეკლესია და ეს არ მაღელვებს იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვლოცულობ და არავის ვებრძვი. ჩემთვის მღვდელმთავრის შესამოსელით სიარული არ ნიშნავს ცხვირაწეულ და კუდაბზეკილ სიარულს, ეს ჩემთვის ძვირადღირებული მანქანების ჭენება და მატერიალური სიძლიერის მიღწევა არაა. მეტი თავმდაბლობა გვმართებს, მეტი სიახლოვე ხალხთან. უფალი სადილობდა  უბრალო ადამიანებთან და ჩვენ რატომ ვთაკილობთ? ჩვენ რატომ მივილტვით სახელისუფლებო ორგანოებში აღზევებულ უტვინო გვამებთან სადილს? იმიტომ, რომ უფრო გემრიელ ღვინოს დაგვალევინებენ? ეს როგორ შეიძლება? მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი საკითხი წინ წამოწევას იმსახურებდეს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, როგორც ჩვენი წმინდა მამები ბრძანებდნენ, საქართველოს გაბრწყინება საქართველოს ეკლესიის წმენდით დაიწყება. სხვა შემთხვევა სრულიად გამორიცხულია. რაც შეეხება ზოგიერთი მღვდელმთავრის სიჩუმეს, როდესაც  ჩვენ წარვსდგებით უფალთან, არავინ მოგვიწონებს, რომ შიშის გამო ვიყავით ჩუმად. ვერ ვიტყვით, რომ მიტროპოლიტები ხმას არ მაღებინებდნენ და კათოლიკოს-პატრიარქი მეუბნებოდა, ეს არ გააკეთო, თორემ ცუდ დღეში ჩავარდებიო. აბა ბერი თევდორეს თავდადება რატომ მოგვწონს? ხარჭაშნელი ეპისკოპოსი რატომ მოგწონს, რომელიც მარაბდის ომში წავიდა და იქ მოკლეს. რატომწავიდა ეპისკოპოსი ომში?  რა უნდოდა, ვერ იჯდა თავის სკამზე? ჩემი გვარი დიაკონიძე გახლავთ და როდესაც ჩვენი გვარის ფესვებს ვეძებდით, აჭარაში  მოვინახულეთ სოფელი დიაკონიძეები. იქ გავიგეთ, რომ ამ სოფელში ცხოვრობდა ვინმე დიაკონი დიაკონიძე. როცა თურქი მომძლავრდა,  სოფლის მღვდელს თურქი გამგებლისთვის სუფრა გაუშლია, სადაც წყდებოდა საკითხი, რომ კი ბატონო, თქვენ ახალგაზრდები გინდათ გადაიბიროთ, მაგრამ სანამ ჩემი მოხუცი მრევლი ცოცხალია, ვიქნები მეც აქ და მერე წავალო. მღვდელი თურქ გამგებელს სავარაუდოდ, ქრთამს აძლევდა. ამ დროს მოსულა დიაკონი დიაკონიძე და ეს სურათი რომ დაინახა, სუფრას ფეხი კრა და გადააგდო. რა თქმა უნდა, თურქებმა ეს არ აპატიეს და აწამეს და მოკლეს.

ეკლესიაში მამათმავლობისკენ მიდრეკილი ადამიანების მხილება რომ განხორციელდა, მეტი სიმტკიცე იყო გამოსაჩენი და დღეს აღარ იქნებოდა  ასეთი დამოკიდებულება. თუ რომელიმე მღვდელმთავარი პრეზიდენტის ნაჩუქარ ჯიპზე ან ახლანდელი პრემიერ მინისტრის სამოწყალოდ გადაგდებულ კაპიკებზე უარს იტყვის და მას ამხელს, რა თქმა უნდა, სულს გადაირჩენს და საქართველოს ეკლესია აუცილებლად გაძლიერდება, თუმცა არა მგონია, რომ ასე მოხდეს. ამის მიუხედავად, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს ეკლესიის დაბალ იერარქიულ საფეხურებში არიან სასულიერო პირები, რომლებიც წარმოჩინდებიან და რუის-ურბნისის ძეგლისწერის მსგავსად, კვლავ მოხდება გაძლიერება. როგორც წმინდა ილია ჭავჭავაის ლელთ ღუნია იტყოდა –  მავალს, მავალს ბაგრატიონი! ამით მინდა დავასრულო!

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close