სამართალი

„ფოტოზე 20-25 წლის ჩანს და მეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა” – რას ფიქრობენ ყოფილი მძევლები ბანკის ძარცვაში ეჭვმიტანილზე?

“კურიერი” ყოფილ მძევლებს ესაუბრა. ისინი არ გამორიცხავენ, ბადრი ესებუა იყოს ის შეიარაღებული პირი, ვინც “საქართველოს ბანკს” თავს დაესხა, თუმცა უჭირთ თავდამსხმელის ამოცნობა.

“მსგავსებას ვერანაირად ვნახავ, იმდენად შენიღბული იყო პიროვნება თვითონ, მხოლოდ თვალები უჩანდა და ისიც შეღებილი ჰქონდა და ახლა სურათს რომ დავაკვირდი, საერთოდ მსგავსება ვერ აღმოვაჩინე. ჩემზე დაბალი იყო. მე ვერ ვაკეთებ იდენტიფიკაციას, გამომდინარე იქიდან რომ იყო შენიღბული, ერთადერთი თვალის გუგას ვხედავდით. მე სხვანაირი წარმომედგინა. ფოტოზე 20-25-ის ჩანს და უფრო მეტის წარმომედგინა და მეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა,” – განაცხადა ყოფილმა მძევალმა ლაშა შენგელიამ.

“იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი თითქმის დაფარული ჰქონდა ამ ადამიანს, შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი აღნაგობის ნახვა და თვალების, ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მე შემიძლია მხოლოდ ვიღაცები გამოვრიცხო, ან არ გამოვრიცხო. ამ ადამიანს მე ვერ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მისი აღნაგობა და თვალის ჭრილის სხვაობას იმდენად ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანი გამოვრიცხო,” – აღნიშნა ყოფილი მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა.

“კურიერი” ბადრი ესებუას ოჯახს და ახლობლებს ესაუბრა. ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

„რუსთავი 2“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close