სხვადასხვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების – ICT“ ლაბორატორია გაიხსნა

2023/24 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, კერძოდ, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მორიგი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით ხვდება. ეს არის ლაბორატორია, რომელიც დარგის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, “ახალი ქსელების” „სერვისლაინის|, „სისტემნეტიდან“ უსასყიდლოდ გადმოცემული ინვენტარით იქნა აწყობილი - თამარ ლომინაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების-ICT“ ლაბორატორია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაბორატორიის გახსნის ღონისძიების ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ს სასწავლო პროცესების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, იმს-ის ფაკულტეტის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი მარინა ქურდაძე, მენეჯერი ზაზა ბუაჩიძე, კომუნიკაციების კომისიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კომპანიების: „ახალი ქსელები“, „მაგთიკომი“, „GSI ტექნოლოგიები“, „ნიუვიჟენი“, “სილქნეტი”, “ჰუავეი ტექნოლოგიების” ხელმძღვანელი პირები, დარგის სპეციალისტები, დამსაქმებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა.

როგორც პროფესორმა კარლო კოპალიანმა აღნიშნა, „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების-ICT“ ლაბორატორია სრულად აკმაყოფილებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ხარისხს და მზად არის 2023/2024 წლების სასაწავლო პროცესისთვის. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პირადად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გადაწყვეტილებაა, უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სივრცის გაფართოება და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების გახსნა, ხოლო უნივერსიტეტში არსებული ბაზის 21-ე საუკუნის გამოწვევებთან მორგება. დღეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ინფორმატიკისა და მართვის სისმეტების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით ლაბორატორია დარგის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, “ახალი ქსელების”, „სერვისლაინისა“ და „სისტემნეტიდან“ უსასყიდლოდ გადმოცემული ინვენტარით, აპარატურით და მოწყობილობებით ფაკულტეტმა ააწყო.

„2023/24 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, კერძოდ, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მორიგი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით ხვდება. ეს არის ლაბორატორია, რომელიც დარგის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, “ახალი ქსელების” „სერვისლაინის|, „სისტემნეტიდან“ უსასყიდლოდ გადმოცემული ინვენტარით იქნა აწყობილი. ლაბორატორიას აპარატურული მოწყობილობებით უზრუნველყოფა და პროფესიული დახმარება ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ აბულაძემ გაუწია, ხოლო მის შექმნასა და გამართვაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა: დიმიტრი სეხნიაშვილმა, ვატო სალიბეგაშვილმა, თენგიზ მაღალდაძემ, გიორგი ჩიკვაიძემ, გიორგი ხანჯალაძემ, ზურა გოგილაშვილმა, ვახტანგ რუსაძემ, ზურაბ ქვრივიშვილმა, ჯემალ მირცხულავამ – მადლობა მათ!“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ლაბორატორია -„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები-ICT“ მოიცავს, მონაცემთა გადაცემის თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სისტემებს. კერძოდ, ლაბორატორიაში შექმნილია რამოდენიმე სივრცე, მათ შორის: Class 4 & Class 5 Softswitch – სატელეკომუნიკაციო სადგური. SIP, H.323 სიგნალიზაციის მხარდაჭერა. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას SIP, H.323 სიგნალიზაციის საშუალებით განისაზღვროს ლოგიკური არხები, კოდეკები G.711,G722,G729, და ა.შ. ამ სივრცეში განხორციელდება მონიტორინგი Wireshark-ის საშუალებით. მონაცემთა გადაცემის გარემოს საშუალებით მოხდება მონაცემთა გადაცემა სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო სისტემებით. ლაბორატორია ასევე მოიცავს ოპტიკური კაბელის 4 ძარღვიანი შედუღების აპარატს მისი მოწყობილობებით – DSLAM მოწყობილობას, LoRaWAN -IOT ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურას, რაც თავის მხრივ არის მთლიანი ქსელი- საბაზო სადგურო, საყრდენი ქსელის ინფრასტრუქტურა, მაკონტროლებელი საკომუტაციო ცენტრი, რადიოდაფარვის სერვისის და ხარისხის გამზომი მოწყობილობების უზრუნველყოფა, სააბონენტო მოწყობილობები, მუნიციპალური პარკინგი, უსაფრთხოების, სასოფლო- სამეურნეო ავტომატიზირების მონიტორინგისა სისტემები, სალოკაციო „ტრეკინგის“ მართვის სისტემები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close