საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა გუნდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი ადგილი და NASA-ს საგზური მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა გუნდი „ელფები“ (Elves) ათასწლეულის ინოვაციის რიგით მე-7 კონკურსის (Millennium Innovations Award) გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

გამარჯვებული გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამასა და საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა გუნდის – „ელფების“ წევრები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან: ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა, თბილისი), პანტელეიმონ კობახიძე, მარიამ მიქაძე, თამარ მაღრაძე (აია-GESS, თბილისი), გეგა ხაჩიძე (კომაროვის სახ. #199 საჯარო სკოლა, თბილისი). მოსწავლეთა გუნდს სამეცნიერო ხელმძღვანელობასა და მენტორობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თემურ ჩიჩუა უწევდა.

სტუ-ის მოსწავლეთა გუნდ „ელფების“ საკონკურსო პროექტი – „კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება” (Desing of a Low Voltage Operating Air Ionizer Using Carbon Nanofibers) – ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე თერთმეტი ფინალისტი გუნდის მიერ შექმნილ პროექტებს შორის საუკეთესოდ დასახელდა.

მოსწავლეთა ფინალში გასულმა გუნდებმა  წარადგინეს  პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების გალა ცერემონია, რომელიც ფეისბუქ-ლაივით გადაიცა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ გახსნა:

„მოხარული ვართ, რომ შვიდი წლის მანძილზე 2000-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა საშუალება, კონკურსში ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოედგინა. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, STEM დარგებისადმი დაინტერესების გაზრდას და ინოვაციების შექმნის წახალისებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს, რომელიც 2014 წლიდან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღნიშნულ კონკურსს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების გალა ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

„ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ გამარჯვებას! ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და როგორც პროფესორისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებით. სწორედ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი საქართველოში კონკურენტუნარიანი ახალი პროდუქტების, აპლიკაციების, საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა. ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოვებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპერების გაძლიერებას. მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაა“, – აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გამოსვლისას.

სტუ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებულ მოსწავლეთა გუნდს ღირსეულ გამარჯვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მიულოცა.

როგორც სტუ-ის გამარჯვებული გუნდის, „ელფების“ წევრებმა განაცხადეს, „ბოლო პერიოდში, კოვიდპანდემიის გამო, ძალიან აქტუალური გახდა იონიზატორის მოწყობილობები. ჩვენ გამოვიკვლიეთ და ძიებამ გვაჩვენა, რომ უკვე არსებულ იონიზატორებს აქვთ რამდენიმე ნაკლი და გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით გვემუშავა. ჩვენი იონიზატორი კომპაქტური და არსებულზე ბევრად უფრო ეფექტურია. მოწყობილობის მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა კი კარბონის ნანოძაფების დახმარებით შევძელით. ეს ჩვენი გუნდის პირველი სერიოზული გამარჯვებაა, რამაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა და მოტივაციაც გავიასმაგა. ამ გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ვუძღვნით, რომელიც წელს საზეიმოდ აღინიშნება“.

ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2014 წლიდან იმართება და უფროსკლასელებში ინოვაციური პროექტებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად. 2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 64 განაცხადი: 45% – თბილისის, ხოლო 55% – საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი – თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისისა და სენაკის საჯარო სკოლებიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close