Sliderპოლიტიკა

“საოცრება ხდებოდა” – კახა კალაძე 13 ივნისის მოვლენებს იხსენებს

კახა კალაძემ 13 ივნისის მოვლენები გაიხსენა. ამ თემაზე თბილისის მერმა, რომელიც 2015 წელს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„უშუალოდ ადგილზე ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა იმ დროს, განსაკუთრებით სვანიძის ქუჩაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. უმძიმესი მდგომარეობა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. სრული შოკი. უძლური გახდა დედაქალაქი, მისი მოსახლეობა ამ პრობლემის წინაშე. თუმცა ამ უბედურების ფონზე, მეორე დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო და რაც მესიამოვნა, ეს იყო როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია – ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, იმ დროს ის არ ფიქრობდა, რომ ოდესმე დედაქალაქის მერი გახდებოდა და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ერთიანობამ მას დიდი სტიმული და ძალა მისცა.

„უმძიმესი დღეები იყო, ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ სირთულის, გაოგნების, შეშფოთების მიუხედავად, ამ ახალგაზრდების ჩართულობამ პირადად მე დიდი სტიმული, ძალიან დიდი ძალა მომცა. საოცრება ხდებოდა. ასეთი მუხტი, ასეთი შემართება. ეს იყო დღეები, როდესაც გადახედავდი ამ ახალგაზრდებს, მათ თვალებს და შეგეძლო შენ თავში გეთქვა: „ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ“. აი ასეთი სულისკვეთება იგრძნობოდა იმ დღეებში“, – განაცხადა კალაძემ.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close