სხვადასხვა

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იყო ჩასული

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ - აშშ-ის საელჩო

ამერიკის საელჩოს განცხადებით,  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იყო ჩასული. USAID-ის პარტნიორობით, ვიზიტის ფარგლებში მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს, ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან.

საელჩოს ცნობით, მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ New York Times-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაჰკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ.

საელჩო ამბობს, რომ სასწავლო ვიზიტისთვის ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ.

“შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა”, – აღნიშნავს საელჩო განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close