Slider

სალომე ზურაბიშვილიც დასაჭერია – ვინ შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტს?

„ეს არის წმინდა წყლის სამოხელეო დანაშაული - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ - ალექსანდრე კობაიძე

ნიშნავს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას პატიმრობიდან შეწყალებით გათავისუფლება პოლიტპატიმართა არსებობის აღიარებას? დაირღვა თუ არა კანონით დადგენილი მოთხოვნები შეწყალების შესახებ? რატომ „გატეხა სიტყვა“ სალომე ზურაბიშვილმა და რატომ დაარღვია დაახლოებით ერთი წლის წინ გაჟღერებული „ფიცი“ – „ხმაურიან“, ე.წ. „ცნობადი სახეების“, ან  „გახმაურებულ საქმეებში“ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ.
მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა – დაწერეს თუ არა შეწყალების შესახებ განცხადება უგულავამ და ოქრუაშვილმა.
ამ და სხვა საკითხებზე „პროგრესნიუსს“ ესაუბრება ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე:

_  დავიწყოთ იმით, რომ დისკრეციული უფლება არის კერძო და საჯარო ინტერესების თანხვედრა. თუ ერთ-ერთი ამეტებს, უკვე დანაშაულია. შეწყალების კომისია მსჯავრდებულს პირდაპირ ეუბნება, რომ შეწყალების მიღებამდე გულწრფელად უნდა ინანიებდეს ჩადენილ დანაშაულს, რესოციალიზებული უნდა იყოს და ა.შ. ამიტომ შეწყალების აქტის გამოცემამდე  დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მსჯავრდებული გარკვეულ პროცედურებს გადის: ავსებს ე.წ. სოციალის მიერ მოტანილ საბუთებს, სადაც აღნიშნავს, რომ გულწრფელად ინანიებს,  განიცდის და ა.შ. ამის შემდეგ კომისია განიხილავს,  პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი იწყალებს. თუ პროცედურა დაირღვა, შესაძლოა, საქმე უფლებამოსილების გადამეტებასთან გვქონდეს და რატომ.. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, სასამართლომ იმიტომ გამოიტანა გადაწყვეტილება მიშას წინააღმდეგ, რომ დისკრეციული უფლებით დადგენილი პროცედურებისა და კანონის გვერდის ავლით ისარგებლა. ეს ნიშნავს, რომ დისკრეციული უფლების სტანდარტი დაარღვია, რაც აშკარად უფლებამოსილების გადამეტებაა, მაგრამ ამ ლოგიკით, სალომე ზურაბიშვილის გახმაურებული შეწყალების საქმესაც შეგახსენებთ, როცა  ბათუმში მოკლული პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. გახსოვთ, მაშინ სალომემ თავი რითი იმართლა? ამ კაცმა ითანამშრომლა, მოინანია, დაზარალებულის თანხმობა იყო, კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და გავუშვიო. მერე ერთი ამბავი რომ ატყდა, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ოქრუაშვილისა და უგულავას შემთხვევაში, სიტუაცია არის ასეთი-  ერთი კვირით ადრე მათთან სოციალი მივიდა, საბუთები შეავსებინა უთხრა, რომ ეს უბრალო ფორმალობაა. ამათმაც შეავსეს, თუმცა თავი დამნაშავედ არ უცნიათ ანუ მათი შეწყალება ერთი კვირით ადრე გადაწყვეტილი იყო.
_ თუ არ მოინანიეს რა შეავსეს? რა ჩაწერეს, ბრალს არ ვაღიარებ, მაგრამ შეწყალებას ვითხოვო?
_არ ვითხოვო, არა. სოციალმა ჰკითხა პრეზიდენტმა რომ შეგიწყალოს, რას გააკეთებთო. უგულავამ ცინიკურად უთხრა, რომ ისევ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებდა, ოქრუაშვილმაც რაღაც თქვა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამათი გაშვების ამბავი ერთი კვირით ადრე გადაწყვეტილი იყო ანუ წმინდად პოლიტიკური თემაა. სოციალის მისვლამ ეს ადამიანები ფორმალურად, გასვლისთვის მოამზადა, მაგრამ ამ საქმეს სავალდებულო კრიტერიუმები – დანაშაულის აღიარება და კომისიის გავლით, პრეზიდენტთან მისვლა არ გაუვლია.
_ იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, პროცედურულად რა და როგორ ხდება?
_ პროცედურულად, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის პირადად მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის წევრს უნდა მიემართა. მერე ეს განცხადება მიდის პატიმართან – შენმა ადვოკატმა ეს დაწერა და თუ ეთანხმები და შეწყალება გინდა ხელი მოაწერეო. თუ პატიმარი დაეთანხმა,  კომისიაში აგზავნიან, თუ არ დაეთანხმა, არა. უგულავასა და ოქრუაშვილის შემთხვევაში, ეს სტანდარტი დაირღვა. მსჯავრდებულთან თვითონ მივიდა სოციალი, თვითონ შეავსო აქტი და თვითონ გააგზავნეს პრეზიდენტთან ისე, რომ მსჯავრდებულები პროცესში არ ჩაურთავთ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის დისკრეციის უფლება, რადგან ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ხალხის ანუ საჯარო ინტერესი საერთოდ არ გაითვალისწინა და თავისი პირადი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც  სააკაშვილმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება გირგვლიანის მკვლელების გაშვების შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი ხელისუფლება რომ მოვა, ეს საქმე ვინმემ  რომ გამოიძიოს, პრეზიდენტისთვის ძალიან ცუდი შედეგი დადგება.  პირადად მე, სანდრო კობაიძე ამის გაკეთებას ახლავე, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ და ხელისუფლებასაც მივმართავ, რომ გამოიძიონ, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება.
_ პრეზიდენტისთვის ძალიან ცუდი შედეგის დადგომაში რას გულისხმობთ?
_ პირდაპირ გეტყვით, რომ პრეზიდენტი ამ შეწყალების აქტის გამოცემისთვის დასაჭერი და ციხეში ჩასასმელია. ხალხის არჩეული პრეზიდენტის მოვალეობა რა არის? ხალხის ინტერესები რომ გაატაროს არა? და სად არის აქ ხალხის ინტერესები? მან გაატარა კონკრეტული პარტიის, „ქართული ოცნების“  და შემდეგ უკვე ნაცმოძრაობის თუ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ეს არის წმინდა წყლის სამოხელეო დანაშაული – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმეში აუცილებელი იყო ბრალის აღიარება და მსჯავრდებულების თანხმობა -მე შენ მოგმართავ შეწყალებისთვისო, რაც არ ყოფილა. ეს კონსტიტუციაში არ წერია, მაგრამ შიდა რეგულაციით დადგენილი სტანდარტით სავალდებულოა, რომ შეწყალებამდე მსჯავრდებული ბრალს აღიარებდეს.
_ გამოდის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა პრეზიდენტს დანაშაულისკენ უბიძგეს?
_ იმათ თავიანთი ინფორმაცია აქვთ, თავიანთი წყაროები ჰყავთ, რომლებიც სანდოა ან არ არის სანდო, მაგრამ ვიღაცამ დანაშაულისკენ რომ გიბიძგოს, უნდა ჩაიდინო? ასე იმასაც ურჩევდნენ, რომ სააკაშვილი ჩამოსულიყო და პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა, მაგრამ ეს ხომ იმპერატიულად დადგენილი ნორმები არ არის? ეს არის გარკვეული პოლიტიკიდან გამომდინარე რჩევები, იმიტომ რომ მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ შენი ეროვნული ინტერესი სად არის?
_ როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ღიად მიგანიშნებენ, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, უბრალო რჩევას არ ჰგავს..
_ ესეც ხელისუფლების ბრალია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს არ ესაუბრება და მტკიცებულებებს არ უდებს, რა პოლიტპატიმარი, ერთს 48 მილიონი აქვს შეჭმული და მეორე პარლამენტში შეჭრას აპირებდა და მასთან რამდენიმე საპროცესი შეთანხმებაც გაფორმდაო. სხვათა შორის, საპროცესო აღიარებას ნიშნავს და ესეც არის ოქრუაშვილს საქმეში. რატომ ვერ აკეთებს თუ არ აკეთებს „ოცნება“ ამას, ეს მეორე საკითხია. მაგათთვის ახლა მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ, რომ დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ. მათთვის ახლა ხალხი კი არა, არჩევნების ჩატარებაა საინტერესო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ამის შემდეგ ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გაიმარჯვებს. მარგველაშვილი რომ მარგველაშვილია, მან ვერ გადადგა მსგავსი ნაბიჯები უგულავასთან მიმართებაში..
_ საგანგებო მდგომარეობის დროს,როდესაც საკადრო გადაადგილებები აკრძალულია, შეწყალების აქტების გამოცემა რამდენად კანონიერია?
_  სამართლებრივად აკრძალული არაა და არსად წერია, რომ პრეზიდეენტს საგანგებო მდგომარეობის დროს შეწყალება არ შეუძლია, მაგრამ მორალური კუთხით, რამდენი მართლაც რომ შესაწყალებელი პატიმარი ელოდა შეწყალებას… პრეზიდენტმა კი შეწყალებაზე მორატორიული გამოაცხადა და ესენი შეიწყალა, რაც კიდევ ერთხელ  მიანიშნებს, რომ დისკრეციულ უფლებას გასცდა.
_ მორატორიუმის მერე ხომ მოხდა რამდენიმე ადამიანის შეწყალება?
_ მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 19 ადამიანი შეიწყალა და აქედან 10 ქალია. ამ დროს, შეწყალებას 1000-ზე მეტი პატიმარი ელოდა. როდესაც მორატორიუმი გამოაცხადდა, ჩვენ აქცია მოვაწყვეთ პრეზიდენტის რეზიდენციასთან და პატიმრების სურათები მივიტანეთ. ესენი ძირითადად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის გასამართლებული პირები, უწესიერესი ადამიანები არიან, რომლებიც ნარკოტიკს აღარ მოიხმარენ, ციხეში სწავლობენ და მუშაობენ. პრეზიდენტს 10 ადამიანთან დაკავშირებით მივმართეთ შეწყალების თხოვნით, მაგრამ თვენახევარი გავიდადა პასუხი არ მიგვიღია. და ახლა, ასე უცნაურად, ისე, რომ თავად პატიმრებს არ მიუმართავთ, პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი თავისი ინიციატივით შეიწყალა და უგულავას დასაცინიც გახდა – როცა მწყევლიდა, მისი ძუძუები მლოცავდნენო.
საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და განცხადებას პროკურატურაში აუცილებლად შევიტანთ. მოვითხოვთ პრეზიდენტის გასამართლებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close