Slider

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამი წლის შემდეგ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით, საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

ოკუპაციის დღე - დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close