მსოფლიო

“რუსეთი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტაში დახმარების აღმოსაჩენად მზად არის” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტაში დახმარების აღმოსაჩენად მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ, ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი ამას, თუკი, რა თქმა უნდა, აქ რაიმე იქნება ჩვენზე დამოკიდებული“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

10 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის რეჟიმის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების გამოყენება არაადამიანური და სრულიად მიუღებელია და რუსეთის პრეზიდენტს ბელარუსის რეჟიმზე გავლენის მოხდენა სთხოვა.

8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.

29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close