მსოფლიო

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ს მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად – ვიქტორია ნულანდი

არ ვაპირებ აღგიწეროთ 18 სხვადასხვა სცენარი. უბრალოდ, გეტყვით, რომ ჩვენი დიალოგი მოკავშირეებთან აგებულია რუსეთისათვის მწვავე ტკივილის მყისიერად მიყენების გარშემო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ს მზად აქვს მოქმედების 18 სცენარი.

ამის შესახებ ნულანდმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ახალი აგრესიის შემთხვევაში, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მზად აქვთ საპასუხო ზომები, რომლებიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ეკონომიკურ სანქციებს.

„არ ვაპირებ აღგიწეროთ 18 სხვადასხვა სცენარი. უბრალოდ, გეტყვით, რომ ჩვენი დიალოგი მოკავშირეებთან აგებულია რუსეთისათვის მწვავე ტკივილის მყისიერად მიყენების გარშემო, თუ რუსეთი გადადგამს რაიმე ნაბიჯს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ“, – განაცხადა ნულანდმა.

ამის მიუხედავად, ნულანდის თქმით, თეთრი სახლი დაინტერესებულია, რომ მოსკოვთან დიალოგი გაგრძელდეს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი იდეის გარშემო, რომელიც ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან წარვადგინეთ, რუსეთი მოლაპარაკებას განაგრძობს, თუმცა ეს პუტინის არჩევანია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ეს განცხადება ნულანდმა აშშ-ის, ნატო-ს მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა და ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა.

თეთრ სახლში დღეს განაცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს გაყალბებულ საბაბს, რათა უკრაინას თავს დაესხას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close